გუშინ, მთელი დღის განმავლობაში, საავადმყოფო პრაქტიკულად პარალიზებული იყო. ექიმებმა მხოლოდ გადაუდებელი დახმარებები განახორციელეს.
_ გეგმიურს არ მივიღებთ. გვესმის და ყველა პაციენტის მდგომარეობაში შევდივართ, თუმცა, ყველაფერს აქვს საზღვარი. სანამდე შეიძლება ვიყოთ თეთრების მოლოდინში, _ აღნიშნავენ ჩვენთან საუბრისას ექიმები.
მათივე მოთხოვნით, ჩოხატაურის საავადმყოფოსთან ბათუმიდან ჩამოსული ბრიგადა მორიგეობს, რომლებსაც პაციენტები ოზურგეთის საავადმყოფოში გადაჰყავს.
ექიმების გაფიცვას პაციენტებიც ეხმაურებიან და უკმაყოფილებას არ მალავენ.
აღსანიშნავია, რომ მიმდინარე მოვლენების საქმის კურსში არ იმყოფება ადგილობრივი ხელისუფლება:
_ რა მნიშვნელობა აქვს, იციან თუ არა? ერთ წელზე მეტია, ჩვენ საავადმყოფოში ასეთი მდგომარეობაა. ბევრჯერ ვთხოვეთ დახმარება ადგილობრივ ხელისუფლებას, თუმცა, მათგან დაპირებების გარდა ვერაფერი მივიღეთ, _ ამბობენ ექიმები.
ამ წუთებში ჩოხატაურის საავადმყოფოს მედპერსონალს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ხვდება. მედპერსონალი იმედოვნებს რომ ახალი ხელისუფლება მაინც გაიზიარებს მათ პრობლემებს და დაეხმარება.
უნდა ითქვას ისიც, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში ჩოხატაურის საავადმყოფოს მედპერსონალი ხელფასების დარიგების მოთხოვნით უკვე მეშვიდედ გაიფიცა. საავადმყოფოს მფლობელ კომპანიასთან, შპს “ადითთან” სიტუაციის გარკვევას იანვარში მათ ჯერ მინისტრი ანდრია ურუშაძე დაპირდა, შემდეგ კი მინისტრი ჭიაბერაშვილი, თუმცა, დაპირება დაპირებად დარჩა.