სხდომაზე მოეწყობა EBRD-ის ექსპერტების მიერ შემუშავებული საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის და მისი გახორციელების გეგმის სამსჯელო პროექტების პრეზენტაცია, მათ გარშემო გაიმართება დისკუსია. სხდომას გახსნის საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის პირველი მოადგილე დიმიტრი ქუმსიშვილი.
საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს მიერ ამ სხდომის შესახებ გავრცელებულ პრესრელიზში ნათქვამია: “როგორც ცნობილია მაღალგანვითარებული ელექტრონული მედია ადამიანის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლების დაცვის, ქვეყანაში დემოკრატიის შემდგომი განვითარების მძლავრი საშუალებაა, რის გამოც მისი შემდგომი განვითარება და სრულყოფა საქართველოს ხელისუფლების და საზოგადოების ზრუნვის საგანს წარმოადგენს.
აღნიშნული მიზანს ემსახურება ანალოგური სისტემის საეთერო მაუწყებლობიდან ციფრული სისტემის საეთერო მაუწყებლობაზე გადასვლა, რომელიც ტელეკომუნიკაციების საერთაშორისო კავშირის (ITU) შესაბამისი გადაწყვეტილებით მთელს მსოფლიოში მიმდინარეობს და იგი ევროპის ქვეყნებში და მათ შორის საქართველოში 2015 წელს უნდა დასრულდეს.
ციფრული მაუწყებლობის თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილი საინფორმაციო სივრცე ქვეყანაში ელექტრონული მედიის შემდგომი სრულყოფის და განვითარების, შეზღუდული ბუნებრივი რესურსის-რადიოსიხშირეების მაღალეფექტურად გამოყენების, მოსახლეობის მაღალი ხარისხის მრავალფეროვანი საეთერო სატელევიზიო პროგრამებით უზრუნველყოფის, საინფორმაციო საზოგადოების ჩამოყალიბების, ჩვენი ქვეყნის მაუწყებლობის ევროპულ საინფორმაციო სივრცეში ღრმა ინტეგრირების მძლავრი საშუალებაა.
ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლა სახელმწიფო მნიშვნელობის ფართო მაშტაბიანი რეფორმაა და იგი წარმატებით შესაძლებელია განხორციელდეს ევროპის ქვეყნებში დაგროვილი გამოცდილების გაზიარებით და ქვეყნის აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების მიზანმიმართული და კოორდინირებულად მოქმედებით, მაუწყებლებთან, მეწარმეებთან, საზოგადოებასთან, საერთაშორისო ორგანიზაციებთან და მეგობარ ქვეყნებთან მჭიდრო და აქტიური თანამშრომლობით.
საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის და მისი შემდგომი განვითარების უზრუნველყოფის მიზნით, ევროპის განვითარების და რეკონსტრუქციის ბანკის (EBRD) და ფინეთის მთავრობის დახმარებით ევროპელ ექსპერტთა ჯგუფის მიერ მომზადებული იქნა საქართველოში ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის პოლიტიკის და მისი განხორციელების სამსჯელო პროექტი. სახელმწიფო მნიშვნელობის ამ დოკუმენტების პროექტების შემდგომი დახვეწის სამუშაოებში მაუწყებლების, ხელისუფლების ორგანოების, კომუნიკაციების ეროვნული კომისიის, დაინტერესებული ორგანიზაციების, არასამთავრობო ორგანიზაციების და სფეროს წამყვანი სპეციალისტების მონაწილეობის უზრუნველსაყოფად საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ბატონ გიორგი კვირიკაშვილის ბრძანებით შეიქმნა სამინისტროს სათათბირო ორგანო-ციფრულ მაუწყებლობაზე გადასვლის საბჭო, რომლის ძირითად ამოცანას წარმოადგენს ზემოაღნიშნული დოკუმენტების პროექტების მომზადება.