ექიმების განცხადებით მფლობელმა კომპანიამ საავადმყოფოს მედპერსონალს შესაბამისი სამუშაო პირობები და ადეკვატური შრომითი ანაზღაურება უნდა მისცეს. პერსონალის განცხადებით მათი ხელფასი რამდენიმე ათეული ლარია, რიგ შემთხვევაში კი ექთნებს ხელფასის სახით 10-15 ლარი ეძლევა. “
“ის ქალბატონი, რომლის მენეჯერად დანიშვნასაც ვაპროტესტებდით ჩვენ, იღებს მენეჯერის სრულ ხელფასს. ანუ ითვლება რომ იგი კვლავ მენეჯერია. ფოთიდან მოიწვიეს ნიკა ჭეჟია, რომელიც იგივე თანამდებობაზეა და ისიც იგივე ხელფასს იღებს. ალდაგმა მას ბინაც უქირავა. ჩვენ კი, მოქმედ ექიმებს ვისგანაც თანხა შესდით ძალიან დაბალი ხელფასი გვეძლევა. ჩვენს ხარჯზე კი თანხებს ისინი იღებენ” – ამბობს რეანიმატოლოგი მაია ზოიძე.
გუშინ საღამოს “ალდაგის” წარმომადგენლებმა ქობულეთის საავადმყოფოს მედპერსონალს განუცხადა, რომ დღეს ჩაქვში, სასტუმრო “ოაზისში” ტექსტირება უნდა გაევლოთ და ამის შემდეგ გადაწყდებოდა ვინ დარჩებოდა სამუშაოდ. ამას ექიმების პროტესტი მოყვა. მათი განცხადებით მედპერსონალმა ტესტირება ერთი წლის წინ გაიარა და შესაბამისი სერტიფიკატი ყველას აქვს. ისინი თვლიან, რომ ეს თანამშრომელთა გაშვების მიზეზით ხდება.
ქობულეთის საავადმყოფოს ექიმთა აქციაზე უფლებათდამცველი თამაზ ბაკურიძე და პროფკავშირების აჭარის ორგანიზაციის ხელმძღვანელი ილია ვერძაძე იმყოფება. ისინი ექიმებს მხარდაჭერას უცხადებენ და სამართლებრივ დახმარებას პირდებიან.