მთავრობის თავმჯდომარემ სხდომის დაწყებამდე განაცხადა, რომ ვინაიდან არსებობს დიდი ინტერესი აჭარის ტელევიზიის საკითხის მიმართ და დღის წესრიგში პირველ საკითხად ტელევიზიის საკითხი განიხილება, მედია სხდომას დაესწრება, ხოლო ამ საკითხის შემდეგ სხდომა დაიხურა.
დღევანდელ განსახილველ საკითხთა შორის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2012 წლის ბიუჯეტში ცვლილებები, 2013 წლის ბიუჯეტის პროექტის განხილვა, მომდევნო 3 წლის პრორიტეტების საკითხები იყო. მთავრობის სხდომაზე შპს “Hestok Batumi” მიმართ რიგითი ღონისძიებების გახორციელების საკითხიც უნდა განხილულიყო. განსახილველად მთავრობის სხდომაზე 19 საკითხი იყო გატანილი, თუმცა, 18 საკითხი მედიისთვის დაიხურა.
აჭარის მთავრობამ, დღეს, აჭარის ტელევიზიის თანამშრომელთათვის მე-13-ე ხელფასის გაცემის შესახებ თანხმობა განაცხადა. ტელევიზიისათვის საახალწლო წამახალისებელი პრემიების დამტკიცებას მხოლოდ აჭარის ფინანსთა და ეკონომიკის მინისტრმა არ დაუჭირა მხარი. მისი განცხადებით, წინამორბედის ტრადიცია არ უნდა გაგრძელდეს და პრეცედენტები არ უნდა დაიშვას.
“არ შეიძლება, წლობით 193 შტატგარეშე და მხოლოდ 46 საშტატო ერთეული იყოს. ეს მართებულად არ მიმაჩნია,” _ განაცხადა გიორგი თავართქილაძემ. მოგვიანებით, თავართქილაძემ გადაწყვეტილება შეცვალა და პრემიების დამტკიცებას მხარი დაუჭირა.
აჭარის განათლების მინისტრმა კი, ტელევიზიის თანამშრომლებისათვის პრემიების დამტკიცებისთვის მხარდაჭერა, სანაცვლო პირობებით განახორციელა; მისი განცხადებით, იმ შემთხვევაში დაუჭერდა მხარს, თუკი მის უწყებაშიც იგივე გახორციელდებოდა.
აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ არჩილ ხაბაძემ მედიისთვის სხდომის დახურვამდე განაცხადა, რომ იგი ტელევიზიის საკითხებში არ ერევა, სანამ ტელევიზიის სტატუსი არ განისაზღვრება. მან იმედი გამოთქვა, რომ მიმდინარე წელს მოხდება ტელევიზიის სტატუსის განსაზღვრა, “მაგრამ, თუ ახლა ვერ მოხერხდება, თებერვალში აუცილებლად გადაწყდება,” – დასძინა მან.