კომისიას ლანჩხუთის პოლიტიკური წრეებისა და საზოგადოების ნაწილმა უნდობლობა გამოუცხადა. მასში მუშაობაზე უარი თქვეს კოალიცია “ქართული ოცნების” წარმომადგენლებმა, რომელთაც მოგვიანებით შეუერთდნენ საზოგადოებრივ საწყისებზე შერჩეული წევრები. ადგილობრივი გაზეთების რედაქტორებმა ქეთევან ნაკაშიძემ და ნონა გიგინეიშვილმა შაბათს, კომისიის პირველ სხდომაზე კომისიიდან გასვლის შესახებ გააკეთეს განცხადება.
საზოგადოებაში არსებული მოლოდინი კომისიის დაშლის შესახებ არ გამართლდა. კომისიის თავმჯდომარე ზვიად აფხაზავა პრეზიდენტის 2009 წლის 5 თებერვლის ბრძანებულებას იშველიებს, რომლის მეშვიდე მუხლის მეექვსე პუნქტი პირდაპირ განსაზღვრავს, რა შემთხვევაში შეიძლება დაიშალოს კომისია _ ეს მხოლოდ მაშინ მოხდება, თუ კომისიას დატოვებს ყველა წევრი.
კომისიის თავმჯდომარის განმარტებით, ახალი წევრების გასვლის გამო, ბრძანებაში შევიდა ცვლილება, მაგრამ ამას ხელი არ შეუშლია სხდომის მიმდინარეობისთვის.
კონკურსში მონაწილე 106 კანდიდატიდან კომისიამ შეარჩია 5 კანდიდატი, რომლებიც სრულად აკმაყოფილებდნენ კონკურსის მოთხოვნებს.