„ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონით, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობისა და სასჯელისაგან თავისუფლდებიან პირები, რომლებიც 2012 წლის 31 დეკემბრამდე იუსტიციის სახლებსა და სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ტერიტორიულ სამსახურებში, საზღვარგარეთ საქართველოს დიპლომატიურ წარმომადგენლობასა ან საკონსულო დაწესებულებაში განაცხადებენ მათ მიერ დოკუმენტების გაყალბების თაობაზე.
_ ამ დრომდე პირადი მონაცემების გაყალბებისთვის გამოცხადებული ამნისტიით 6496-მამოქალაქემ ისარგებლა; მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან, საქართველოს 300-მდემოქალაქის განცხადება ონლაინ რეჟიმში დაკმაყოფილდა. მათ დოკუმენტები საფასურის გადახდის გარეშე გაუსწორდათ, _ აღნიშნულია სამოქალაქო რეესტრის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.
აღსანიშნავია, რომ საზღვარგარეთ მყოფი საქართველოს მოქალაქეებისთვის განცხადების წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს საქართველოში ჩამოუსვლელად – ინტერნეტის საშუალებით. ამ შემთხვევაში მოქალაქე უნდა დაუკავშირდეს დისტანციური მომსახურების სამსახურს, ნომერზე (+995 32) 2 405 405 ან ისარგებლოს ვებგვერდით: www.cra.gov.ge.
_ თუ ამნისტიის მოქმედების ვადის დასრულების შემდეგ სააგენტოს თანამშრომლების მიერ გამოვლინდება პირადი მონაცემების გაყალბების ფაქტი, რომელზეც მოქალაქეს თავად არ ექნება ნებაყოფლობით გაცხადებული, ამნისტიის ვადის ამოწურვის შემდეგ, მისი სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის საკითხი კვლავ დაისმება, _ განმარტავენ სამოქალაქო რეესტრში.