საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ქართველი მეზღვაურები სამშობლოში ორ ეტაპად ჩამოვლენ. პირველი ნაკადი საქართველოში 25 დეკემბერს, მეორე კი 26 დეკემბერს დაბრუნდება. 12 ქართველი მეზღვაურის პანამიდან-სტამბოლამდე მგზავრობის ხარჯებს ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ორგანიზაცია (ITF) ფარავს, ხოლო სტამბოლიდან თბილისისა და ბათუმის მიმართულებით მგზავრობის ხარჯები საქართველოს ხელისუფლება.
შეგახსენებთ, რომ პანამის რესპუბლიკის პორტ ბალბოასთან სარეიდო სადგომზე მყოფ, სენტ კიტსის და ნევისის დროშის ქვეშ მცურავ გემ „Maria del Carmen 2“-თან დაკავშირებით არსებული პრობლემური ვითარების შესახებ, რომლის ეკიპაჟის შემადგენლობაში იმყოფებოდა საქართველოს 12 მოქალაქე, ინფორმაცია 3 დეკემბერს გავრცელდა.
კაპიტნის განმარტებით, ხსენებული გემი 3 თვეზე მეტ ხანს იმყოფებოდა სარეიდო სადგომზე საწვავის მარაგის გარეშე. გემთმფლობელი ნიგერიული კომპანია „Ocean Crest International Servisces ltd“ – სგან ეკიპაჟის მიმართ არსებობდა 4 თვის სახელფასო დავალიანება და ეკიპაჟს ჰქონდა 3 დღის სამყოფი საკვები პროდუქტებისა და სასმელი წყლის მარაგი.
_ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრომ ხსენებული საკითხის ადგილზე გარკვევისა და მეზღვაურებისათვის დახმარების აღმოჩენის მიზნით, სამსახურებრივი მივლინებით პანამის რესპუბლიკაში მიავლინა მექსიკის შტატში საქართველოს საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი, რომელმაც მოლაპარაკებები აწარმოა, როგორც გემთფლობელ კომპანიასათან, ისე გემის ეკიპაჟთან და ტრანსპორტის მუშაკთა საერთაშორისო ორგანიზაციასთან, _ აღნიშნულია საგარეო საქმეთა სამინისტროს მიერ გავრცელებულ განცხადებაში.