(გურია ნიუსი, ჩოხატაური) _ ქვაბღის საჯარო სკოლა წელიწადზე მეტია ავარიულია. იქ სწავლა რომ სიცოცხლისთვის სახიფათოა, ჩვენი გაზეთი ჯერ კიდევ გასულ წელს წერდა. რამდენიმე დღის წინ კი გურიის ახალგაზრდულ გაზეთში “21-ს ქვევით” და “გურია ნიუსის” ვებ-გვერდზე ფოტორეპორტაჟი გამოქვეყნდა, რომელშიც ჩოხატაურში არსებული 6 საჯარო სკოლის რეალობა იყო ასახული, მათ შორის, ქვაბღის საჯარო სკოლისაც, სადაც სასწავლო პროცესი ავარიულობის გამო შეწყვეტილი იყო. სკოლის მოსწავლეთა მშობლების თქმით, შენობა ნებისმიერ დროს შეიძლება ჩამოინგრეს. ის, რომ ქვაბღაში სასწავლო პროცესი ავარიული შენობის გამო შეწყვიტეს, განათლების სამინისტროში ჩვენგან გაიგეს. სამინისტროს პრესამსახურის ხელმძღვანელის, ნათია პაპავას ინფორმაციით, ავარიული სკოლების, რომლებიც საქართველოში ასეულობითაა, რეაბილიტაცია იგეგმება, თუმცა როდის _ არავინ იცის. პრესსამსახურის ხელმძღვანელმა განგვიმარტა, რომ პირველივე შესაძლებლობისთანავე ქვაბღის საჯარო სკოლის მშენებლობა დაიწყებოდა.
გასული კვირის სამშაბათს კი, ავარიული სკოლა, განათლების მინისტრის მოადგილემ, გიორგი ჩახნაშვილმა მოინახულა და პირობაც დადო, რომ ამინდების დადგომისთანავე ქვაბღაში ახალი სკოლის მშენებლობა დაიწყება.
აღსანიშნავია ისიც, რომ ამჯერად ქვაბღაში სასწავლო პროცესი ისევ ავარიულ შენობაში მიმდინარეობს. როგორც გვითხრეს, ადგილობრივი ხელისუფლება ახალი სკოლის აშენებამდე ალტერნატიული ფართის გამოძებნას აპირებს, რადგან ამ სკოლაში სწავლა ნამდვილად სახიფათოა.