ამის მიზეზი ის არის, რომ საავადმყოფოს მფლობელი კომპანია შპს “ადითს” ოქტომბრის ხელფასი ამ დრომდე არ გაუცია. მედპერსონალმა, საავადმყოფოს დირექტორს, თემურ კოროშინაძეს, ოფიციალური წერილი 26 დეკემბერს გაუგზავნა და აცნობა, რომ იმ შემთხვევაში, თუკი ხელფასები არ დარიგდება, ისინი გაფიცვის რეჟიმში გადავლენ.
“ჩვენი ორგანიზაციის თანამშრომლების ხელფასი რეგულარულად რიგდება დაგვიანებით, მუდმივი მოთხოვნისა და საგაფიცვო რეჟიმის დაფიქსირების შემდეგ. აღნიშნული პრობლემის გამო, ხშირად მივმართეთ სხვადასხვა ზემდგომ სამთავრობო ორგანიზაციებს. მიუხედავად ამისა, მდგომარეობა არ შეიცვალა. ბოლო საპროტესტო აქცია 2 თვის ხელფასის და ამასთანავე “სამარცხვინო” კონტრაქტის შეცვლის მოთხოვნით გავმართეთ 8 დეკემბერს. ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციების დეპარტამენტის უფროსის ბატონი ზ. უტიაშვილის ჩვენთან ვიზიტის და საიმედო დაპირებების შემდეგ, აქცია შევწყვიტეთ. თუმცა, დაპირებები არ შესრულებულა.
წინასაახალწლოდ, სავარაუდოდ, არ დაირიცხება და არ აგვინაზღაურდება ოქტომბრის თვის სახელფასო დავალიანება. ამიტომ, გაცნობებთ წინასწარ, რომ თუ ხელფასი არ დარიგდება 28 დეკემბრამდე, 31 დეკემბრიდან ჩვენ შევწყვეტთ მუშაობას და გადავალთ გაფიცვის რეჟიმში”, _ აღნიშნულია წერილში, რომელსაც ხელს საავადმყოფოს თანამშრომლების სრული შემადგენლობა აწერს.