“საქართველოს დემოკრატიული განვითარების კავშირის” იურისტის, ირაკლი პაპავას თქმით, 2012 წლის 21 დეკემბერს ოზურგეთის მუნიციპალიტეტის საკრებულოს სხდომათა დარბაზში ორი მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტის პროექტის საჯარო განხილვა გაიმართა. საუბარია “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის 2013 წლის ბიუჯეტის” პროექტისა და “ოზურგეთის მუნიციპალიტეტის ბიუჯეტიდან სოციალური დახმარების გაცემისა და მიღების წესის” პროექტის შესახებ.
_ შეხვედრა ხალხმრავლობით არც ამჯერად გამოირჩეოდა _ მას, ტრადიციულად, საკრებულოს თანამდებობის პირები, მუნიციპალიტეტის სამსახურების, ადგილობრივი მედიისა და თითო-ოროლა არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები ესწრებოდნენ. ბუნებრივია, რაც უფრო მეტად იქნება მსგავსი მნიშვნელოვანი ნორმატიული აქტის პროექტების განხილვაში ჩართული საზოგადოების წევრები, რაც უფრო მეტი ადამიანი მიიღებს მასში მონაწილეობას, მით უფრო მეტად იქნება საზოგადოების რეალური ინტერესების ადეკვატური ეს დოკუმენტები. აღნიშნულის გათვალისწინებით, მეტად მნიშვნელოვანია საზოგადოების ფართო ფენების წარმომადგენელთა აქტიური მონაწილეობა მსგავს შეხვედრებში. მათ მიერ, სულ უფრო და უფრო მეტი აქტუალური წინადადებების, რეკომენდაციების, შენიშვნებისა და მოსაზრებების წარდგენა. ამიტომაც, რაც უფრო მეტად აქტიური იქნება საზოგადოება ამ მიმართულებით, მით უფრო რეალურ და მოსახლეობის ინტერესებზე ორიენტირებულ თვითმმართველობას მივიღებთ ადგილებზე, _ გვითხრა ირაკლი პაპავამ.