საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მირიანე (გურამ) ოდიშარიას ბრძანებით შექმნილი თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის სახელმწიფო ცენტრალური საბავშვო თეატრის საქმიანობის შემსწავლელი კომისიის დასკვნის შესაბამისად, ამავე თეატრის მმართველის მიხეილ ანთაძის ქმედებები რიგ შემთხვევებში კანონსაწინააღმდეგოდ შეფასდა.
კერძოდ, მმართველი თვითნებურად, არამიზნობრივად, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსთან შეუთანხმებლად განკარგავდა თეატრის სახელფასო ფონდს. კულტურის სამინისტროდან გამოყოფილი თანხა სრულად არ ურიგდებოდათ საშტატო განრიგით გათვალისწინებულ თანამშრომლებს. მიხეილ ანთაძე აღნიშნულ საბიუჯეტო თანხებს, ბიუჯეტის შესახებ კანონის დარღვევით, უნაწილებდა ხელშეკრულებით აყვანილ პერსონალს, რომელთაც ჰონორარები და პრემიები უნდა მიეღოთ თეატრის მხოლოდ საკუთარი შემოსავლებიდან-იჯარებიდან, ბილეთებისა და აბონემენტების რეალიიზაციიდან.
კომისიის დასკვნის თანახმად, თეატრის ხელმძღვანელობის მხრიდან ადგილი ჰქონდა წლების განმავლობაში გადასახადების დამალვას. ამასთანავე, მმართველს, ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-8 მუხლის საწინააღმდეგოდ, თეატრში დასაქმებული ჰყავდა საკუთარი შვილები და ოჯახის წევრები.” _ ნათქვამია განცხადებაში.