ჯგუფის წევრები საკმაოდ ახლოს იყვნენ “ნაციონალური მოძრაობის” წევრებთან და მათ ყველაფრის უფლება ჰქონდა _ საჭესთან ღვედის გარეშე, ხელში ვიდეოკამერით… ამ ჯგუფის მძღოლს კახა ახობაძეს არც პატრული აჩერებდა და არც პოლიცია ახდენდა რეაგირებას დარღვევებზე. აბაშელები საკმაოდ აგრესიულად იყვნენ განწყობილნი ამ ჯგუფის მიმართ, მაგრამ “ნაციონალების” მფარველობაში მყოფები, თავს დაცულად და კომფორტულად გრძნობდნენ.
კახა ახობაძე აბაშის კულტურის ცენტრის თანამშრომელი იყო, თუმცა, მას შემდეგ, ე.წ. სამეგრელოს მედია ორგანიზაციის მძღოლი, ამავე დროს ოპერატორი და “შიგადაშიგ” ჟურნალისტიც გახდა, 2012 წლის 3 სექტემბერს კულტურის ცენტრიდან გაათავისუფლეს, თუმცა როგორც გაირკვა, ხელფასს მაინც იღებდა. აღსანიშნავია, რომ “სმო-ს” კულტურის ცენტრშიც ჰქონდა ოფისი.
რა არ უნდა გასაკვირი იყოს, 2013 წელი აბაშელებს სცენიდან სწორედ კახა ახობაძემ მიულოცა. მიუხედავად იმისა, რომ კულტურის სამსახურმა მშვენივრად იცოდა როგორ გააღიზიანებდა ეს ხალხს, საკონცერტო პროგრამის წამყვანად მაინც ის, ოპერატორად კი, ამავე ჯგუფის ოპერატორი მალხაზ ახობაძე მოიყვანეს.
ჩვენი რესპონდენტი აბაშელები ამბობენ, რომ “ალბათ, ეს ნაციონალების გზავნილი იყო აბაშისთვის _ ხელისუფლება ჩვენ ვართო”.