_ საქართველოს პრეზიდენტმა მიიღო გადაწყვეტილება მთელი რიგი ქვეყნებიდან საქართველოს სრულუფლებიანი და საგანგებო ელჩების გამოწვევის თაობაზე. სამსახურეობრივ მოვალეობას აღარ შეასრულებენ ის ელჩები, რომლებმაც საკუთარი გადაწყვეტილებით დატოვეს თანამდებობები და ისინი, ვისაც როტაციის წესით სამუშაო მივლინების ვადა ეწურებათ. ასევე ქვეყნის პირველმა პირმა გამოიწვია ის დიპლომატები, რომელთა შესახებაც, შესაბამისი გადაწყვეტილება მთავრობასთან კონსულტაციის საფუძველზე იქნა მიღებული. ამას გარდა, პრეზიდენტმა საფრანგეთში საქართველოს ელჩის ვაკანტურ თანამდებობაზე მთავრობის მიერ შეთავაზებული კანდიდატურა წარადგინა, _ აღნიშნულია გავრცელებულ განცხადებაში.
ამ განცხადებას საგარეო საქმეთა მინისტრი, მაია ფანჯიკიძე გამოეხმაურა, რომლის განმარტებით, “საგარეო საქმეთა სამინისტრომ პირველ რიგში, გამოიწვია ის ელჩები, ვისაც როტაციის ვადა გასდიოდა”
_ ეს არის პოლიტიკისგან აბსოლუტურად დამოუკიდებელი ამბავი. ამ ყველაფერს არ გამოუწვევია არავითარი ვნებათა ღელვა, მათგან ბევრი ვისაც სურვილი აქვს საგარეო საქმეთა სამინისტროში მუშაობის გააგრძელებს, ან შესაძლოა, წავიდეს ელჩად სხვა ქვეყანაში, – აღნიშნა ფანჯიკიძემ.
საგარეო საქმეთა მინისტრის ინფორმაციით, აშშ-ში საქართველოს ელჩმა თემურ იაკობაშვილმა, გაერო-ში ელჩმა ალექსანდრე ლომაიამ და იტალიაში ელჩმა კოტე გაბაშვილი თავად თქვეს უარი უფლებამოსილების გაგრძელებაზე.
რაც შეეხება ევროკავშირში საქართველოს წარმომადგენელს, სალომე სამადაშვილს, ფანჯიკიძის განმარტებით იგი 10 წელია ამ თამამდებობაზეა და ეს მიუღებელია:
_ ელჩის მუშაობის ვადა 3 წელია, რომელიც შეიძლება ერთი წლით გახანგრძლივდეს, – დასძინა ფანჯიკიძემ.
ფანჯიკიძეს ჟურნალისტებთან ახალი ელჩების ვინაობა არ დაუსახელებია.