”პირველ რიგში, გვსურს განვაცხადოთ, რომ დღემდე პატრულის მიერ ქრთამის აღების არცერთი ფაქტი არ დაფიქსირებულა. შინაგან საქმეთა სამინისტრო მოუწოდებს საზოგადოების წარმომადგენლებს, მთავრობის წევრებს, საპარლამენტო უმრავლესობას, უმცირესობას, ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებს, რომ თუ კი რაიმე მსგავსი ფაქტი იქნება დაფიქსირებული, დაუყოვნებლივ აცნობონ შინაგან საქმეთა სამინისტროს ამ ნომრებზე: 241 88 24, 241 88 81 და პირადად მინისტრს. მინისტრის ბრძანებით, იანვრის ბოლოს ამოქმედდება ცხელი ხაზი და ყველა მოქალაქეს შეეძლება, 24 საათის განმავლობაში, შეუფერხებლად მიაწოდოს ინფორმაცია შინაგან საქმეთა სამინისტროს ნებისმიერი თანამშრომლის მიერ ჩადენილი დანაშაულის შესახებ. მოვუწოდებთ ყველას, მათ შორის პრეზიდენტს, თავი შეიკავონ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლების რეპუტაციის შემლახავი განცხადებების გაკეთებისგან, ვინაიდან კონკრეტული ფაქტების მოყვანის გარეშე, ამგვარი განცხადებები ემსახურება პოლიციისა და, მთლიანად, სამინისტროს მიზანმიმართულ დისკრედიტაციას. აქვე განვმარტავთ, რომ სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო სამმართველოს არცერთი რაიონის პოლიციის უფროსად არ დანიშნულა თანამშრომელი ზედმეტსახელად „ყულაბა”
საქართველოს პრეზიდენტმა მიხეილ სააკაშვილმა დღეს, ზუგდიდში, საკრებულოს წევრებთან შეხვედრისას განაცხადა, რომ “დაფიქსირდა პატრულის მიერ ქრთამის აღების პირველი შემთხვევები”. პრეზიდენტის ინფორმაციითვე, თანამდებობებზე დაბრუნდნენ წარსულში კორუფციასა და კონტრაბანდაში გასვრილი კადრები. მათ შორის, მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, სამეგრელოს ერთ-ერთ რაიონში პოლიციის უფროსად დანიშნეს შევარდნაძის დროინდელი კადრი, მეტსახელად “ყულაბა”.