(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ საქართველოს მთავრობის “საჩუქარის” _ 20-ლარიანი ენერგოვაუჩერის გარეშე ბევრი ოჯახი დარჩა, განსაკუთრებით კი სოფლის მოსახლეობა. მაგალითად, ჩვენი წყაროს ინფორმაციით, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ დვაბზუში, სადაც 800 კომლი ცხოვრობს, ენერგოვაუჩერი მხოლოდ 112 ოჯახმა მიიღო.
_ გვეუბნებიან, რომ 15 მარტამდე უნდა ჩამოვიდეს ვაუჩერები. სოფლის რწმუნებულთანაც ვიყავით. სია შეადგინეს და უნდა გადაეგზავნათ სამინისტროში, თუმცა, პასუხი ჯერ არ ჩანს, _ გვითხრა სოფელ დვაბზუს ერთ-ერთმა მცხოვრებმა.
ანალოგიური ინფორმაცია მოგვაწოდა სოფლის რწმუნებულმა. იგივე სიტუაციაა ოზურგეთის მუნიციპალიტეტის თითქმის ყველა სოფელში. მოსახლეობას ვაუჩერის მიღების იმედი მას შემდეგ გაუჩნდა, რაც საქართველოს პრეზიდენტი საჯაროდ გამოვიდა და თქვა, რომ ვაუჩერი ყველა ოჯახს შეხვდებოდა. იგივე გაიმეორეს შრომის, ჯანდაცვისა და სოციალური დაცვის სამინისტროს წარმომადგენლებმაც. მიუხედავად ამისა, ენერგოვაუჩერი ჯერ არ ჩანს, არადა, სასურსათო ვაუჩერების დარიგებაც დავიწყეთო, გვამცნობს ხელისუფლება. _ თუ ამ ვაუჩერებსაც იგივე სიებით დაარიგებენ, მაშინ მას ბევრი ოჯახი ვერ მიიღებს, _ ამბობს გულგატეხილი მოსახლეობა.