როგორც “გურია ნიუსს” აცნობეს, ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომაში 11 იანვარს, ღამით, მალხაზ მჟავიას საცხოვრებელი სახლის ბოსლიდან ქურდებმა ძროხა მოიპარეს.
როგორც დაზარალებული მალხაზ მჟავია “გურია ნიუსთან” ამბობს, ქურდობის შესახებ დილით გაიგო.
_ისე გამოიყვანეს ბოსელიდან, ვერაფერი გავიგე. მხოლოდ დილით ვნახე, რომ პირუტყვი ბოსელში აღარ იყო, მაშინვე ვაცნობე პოლიციას, _გვითხრა მალხაზ მჟავიამ.
ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ შრომის რწმუნებული დავით ჯაბუა “გურია ნიუსთან” აცხადებს, რომ სოფელში საქონლის ქურდობის ბევრი შემთხვევა იყო.
_როგორც გავიგეთ ქურდები დაკავებული არიან, პოლიციაში იმყოფებიან და მათ საკუთარი დანაშაულის შესახებ აღიარეს კიდეც, _გვითხრა ჯაბუამ.
ჩვენ დავუკავშირდით შსს ოზურგეთის რაიონული სამმართველოს უფროსს ალექსანდრე ჭანუყვაძეს, რომელმაც განგვიცხადა, რომ გასვენებაში იმყოფებოდა და პასუხს ვერ გაგვცემდა.
ინფორმაციის დასადასტურებლად “გურია ნიუსი” შსს გურიის სამხარეო მთავარი სამმართველოს უფროსს ზაზა პეტრიაშვილს დაუკავშირდა.
_ხომ იცით, რომ ინფორმაციისთვის ჩვენს პრესცენტრს უნდა დაუკავშირდეთ?_ გვკითხა პეტრიაშვილმა.
_დიახ, ბატონო ზაზა. უბრალოდ, ინფორმაციის დადასტურება გვსურს თქვენგან.
_დიახ, მესმის თქვენიც, მაგრამ ასეა წესი. თუმცა, ჩვენ არაფერი გვაქვს დასამალი, ყველაფერი საჯაროა ჩვენთან, არანაირი პრობლემა არ არის.
_ბატონო ზაზა, ეს არის საჯაროობა და გამჭვირვალეობა პოლიციაში, როცა ჩვენს მიერ მოპოვებული ინფორმაციის დადასტურება და დაზუსტებაც კი პრობლემა ხდება ხელმძღვანელი პირებისგან?
_ბოდიშს გიხდით, გვითხრა სამხარეო პოლიციის უფროსმა.
ჩვენ დავუკავშირდით შინაგან საქმეთა სამინისტროს პრესსამსახურის ხელმძღვანელს ნინო გიორგობიანს, რომელმაც აღნიშნული ინფორაცია და ფაქტი “გურია ნიუსთან” დაადასტურა.