შეხვედრაზე ორი ქვეყნის ურთიერთობები, ლატვიასა და საქართველოს შორის სხვადასხვა სფეროში თანამშრომლობის საკითხები, ასევე საქართველოს ევროინტეგრაციის პერსპექტივები განიხილეს. ვიზიტის ფარგლებში მაია ფანჯიკიძემ შეხვედრა გამართა ლატვიის პარლამენტის თავმჯდომარესთან სოლვიტა აბოლტინთან.
_ „მნიშვნელოვანი ვიზიტია ლატვიის რესპუბლიკაში. მოგეხსენებათ ბალტიის ქვეყნები ეხმარებიან საქართველოს და მხარს უჭერენ ჩვენს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციას. მნიშვნელოვანი იყო ჩემს კოლეგებთან უშუალო კონტაქტის დამყარება და მათთვის საქართველოს საშინაო და საგარეო პოლიტიკურ მიმართულებებზე ინფორმაციის მიწოდება“ _ განაცხადა მაია ფანჯიკიძემ.
დღესვე საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლატვიელ კოლეგას ედგარ რინკევიჩს შეხვდება. ასევე მაია ფანჯიკიძე მონაწილეობას მიიღებს ლატვიის ტრანსატლანტიკური საბჭოსა და ბალტიისა და შავი ზღვის ქვეყნების ალიანსის მიერ ორგანიზებულ შეხვედრაში. ვიზიტის ფარგლებში საქართველოს საგარეო უწყების ხელმძღვანელი შეხვდება ადგილობრივი წამყვანი მედია საშუალებების წარმომადგენლებს.
საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა ლატვიაში ოფიციალური შეხვედრები დღეს დაიწყო. ლატვიიდან საგარეო საქმეთა მინისტრი ჩეხეთში გაემგზავრება, სადაც 15 იანვარს ოფიციალურ შეხვედრებს გამართავს.
შეგახსენებთ 10-12 იანვარს საგარეო უწყების ხელმძღვანელი ლიტვის რესპუბლიკას სტუმრობდა, სადაც ქვეყნის პრეზიდენტს, პრემიერ – მინისტრს, საგარეო საქმეთა მინისტრსა და პარლამენტის თავმჯდომარეს შეხვდა. სიტყვით გამოვიდა ლიტვის პარლამენტთან არსებულ ევროპის ცენტრში. ინტერვიუები მისცა წამყვან ლიტვურ მედია საშუალებებს.