აღნიშნული კანონპროექტის ინიციატორი საქართველოს მთავრობაა და იგი კომიტეტის სხდომაზე განსახილველად იუსტიციის მინისტრის მოადგილემ ალექსანდრე ბარამიძემ გამოიტანა.
წარმოდგენილი ცვლილებების მიხედვით, ნაფიც მსაჯულთა სასამართლოს მიერ კანონით განსაზღვრულ საქმეებს სისხლის სამართლის ახალი საქმეები დაემატება. კერძოდ, ეს ეხება ისეთ შემთხვევებს, როდესაც სისხლის სამართლის საქმეები უკავშირდება ყოფილ ან მოქმედ თანამდებობის პირებს და ასევე იმ პირებს, რომლებიც ბრალდებულნი არიან „საჯარო სამსახურში ინტერესთა შეუთავსებლობისა და კორუფციის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლში მითითებულ თანამდებობის პირებთან ერთობლივად დანაშაულის ჩადენაში.
კანონპროექტს პარლამენტი დაჩქარებული წესით განიხილავს. კანონპროექტთან დაკავშირებით საპარლამენტო უმრავლესობამ და უმცირესობამ პოზიციები შეაჯერეს და იგი უმაღლესმა საკანონმდებლო ორგანომ პარლამენტის რიგგარეშე სესიის გუშინდელ სხდომაზე პირველი მოსმენით მიიღო. მუხლობრივი განხილვისას არსებითი ხასიათის შენიშვნები არავის გამოუთქვამს, და კანონპროექტის პარლამენტის სხდომაზე მეორე მოსმენით განხილვას ერთხმად დაუჭირეს მხარი.
იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე პროცედურული კითხვაც წამოიჭრა. საქმე ეხება წარმოდგენილ კანონპროექტში იმ ნორმის ამოქმედებას, რომელიც სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების წესს ეხება. როგორც იურიდიულ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ ვახტანგ ხმალაძემ განმარტა, აღნიშნული ნორმა ვერ ამოქმედდება, თუ კი საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში ანალოგიური ხასიათის ცვლილება არ შევიდა. არა და საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატანი ცვლილებები, რომელიც სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების წესს ეხება, პარლამენტმა საშემოდგომო სესიაზე პირველი მოსმენით უკვე მიიღო. კომიტეტის წევრები შეთანხმდნენ, რომ სასამართლო სხდომების მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გაშუქების წესთან დაკავშირებით საერთო სასამართლოების შესახებ ორგანულ კანონში შესატან ცვლილებებს კომიტეტი ცალკე კანონპროექტის სახით „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტის პარალელურად განიხილავს. ვახტანგ ხმალაძის წინადადებას კომიტეტის წევრებმა მხარი დაუჭირეს და ეს საკითხი განსახილველად დღეს პარლამენტის ბიუროს წარედგინება. პარლამენტი „საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში ცვლილებების შეტანის შესახებ“ კანონპროექტს მეორე მოსმენით ხვალინდელ სხდომაზე განიხილავს.

































































