ნიკა მელია საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილებით უკმაყოფილოა და აცხადებს, რომ სასამართლოს განჩინებას სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრებს. ის აღკვეთის ღონისძიების გაუქმებას ან გირაოს თანხის შემცირებას მოითხოვს. “გირაოს თანხა ბედუკაძეზე განსაზღვრულ გირაოს თანხას არ უნდა აღემატებოდეს”, – აცხადებს შემოსავლების სამსახურის ყოფილი უფროსი.
“როდესაც ბედუკაძეს 2 ათას ლარს უფარდებ, ბედუკაძე ხომ არ იყო კადრების გამავრცელებელი და თვითონაც აღიარებს უშუალო მონაწილეობას წამებაში, როცა ასეთ ადამიანს უფარდებენ ორი ათასს და მე 25 ათასს უბრალოდ, ადამიანურადაც საწყენია” _ განაცხადა გამგებელმა მედიის წარმომადგენლებთან.
არადა, წესით, 25 000 ლარიანი გირაოს გადახდა მელიას არ უნდა გაჭირვებოდა, რადგან ეს მისი სულ რაღაც სამი თვის ხელფასი იყო მაშინ, როცა ის სააღმსრულებლო ბიუროს ხელმძღვანელობდა. ამას თუ იმ პრემიებსაც დავუმატებთ, რასაც არც ამ და არც სხვა უწყებებში არასდროს იკლებდნენ, დიდად არ უნდა დაზარალებულიყო, რომ აღარაფერი ვთქვათ ადამიანურ წყენებზე…
როგორც ნიკა მელიას ქონებრივი დეკლარაციის მიხედვით ირკვევა, აღსრულების ეროვნული ბიუროს თავმჯდომარეობის პერიოდში, მისი წლიური ანაზღურება 97 700 ლარი იყო. ეს კი იმას ნიშნავს, რომ მისი თვიური შემოსავალი 8 000 ლარზე ცოტა მეტს შეადგენდა.
ასევე, მას გამოტანილი აქვს 80 000 დოლარი იპოთეკური სესხი “ლიბერთი ბანკიდან” ბინის შესაძენად და კიდევ 20 000 დოლარი სარემონტო სესხის სახით.
შეგახსენებთ, რომ ძველი თბილისის გამგებელი ნიკა მელია, რომელსაც სხვა პირებთან ერთად “ქართუ ბანკის” გაკოტრების მცდელობაში ედება ბრალი, აცხადებს, რომ გარკვეული საკითხების გამოძიებით თავადაც დაინტერესებულია. მაგალითად, მას აინტერესებს, როგორ ხდებოდა აუქციონში მონაწილე პირების დარეგისტრირება საგარანტიო თანხის გადახდის გარეშე, რასაც ადრე ადგილი არ ჰქონია. ნიკა მელია ადასტურებს,რომ “ქართუ ბანკის” ქონების აუქციონზე გატანის დროს რამდენიმე ასეთი შემთხვევა დაფიქსირდა, თუმცა მომხდარში საკუთარ ბრალს ვერ ხედავს.
“გამოძიებას მიაჩნია, რომ მე ვიყავი ორგანიზებული დანაშაულებრივი ჯგუფის წევრი რომელიც სხვებთან შეთანხმებით ცდილობდა “ქართუ ბანკის” გაკოტრებას, რასაც ნამდვილად ვერ დავეთანხმები. ასევე მედავებიან რომ ზურაბ ადეიშვილის დავალებით ორგანიზებას ვუწევდი აუქციონებს, რომელიც ჩვენთან ელექტრონულ ფორმატში ტარდება. თითქოს აუქციონები უნდა დასრულებულიყო იმ შედეგით, რომ “ქართუ ბანკის” ქონება იძულების წესით რეალიზაციის შედეგად უნდა მიქცეულიყო სახელმწიფო საკუთრებაში. მტკიცებულებები საერთოდ არ დევს საქმეში. როგორც ჩანს გამოძიებამ ლოგიკური მსჯელობით დაადგინა, რომ ვინაიდან მე ვიყავი აღსრულების ეროვნული ბიუროს ხელმღვანელი აუცილებლად უნდა მიმეღო მონაწილეობა ამ სქემაში, რაც აბსურდულია.”_ განაცხადა ნიკა მელიამ დღევანდელ პრესკონფერენციაზე.