(გურია ნიუსი, ოზურგეთი) _ ოზურგეთის მუნიციპალიტეტის სოფელ ბახვში მცხოვრებლებს ისეთივე ყოფითი პრობლემები აწუხებთ, როგორც დანარჩენ სოფლებში.
_ რა გვაწუხებს? უმუშევრობა, გაჭირვება _ ეს თითოეული ჩვენგანის ყოველდღიური ყოფითი პრობლემაა, _ უთხრეს “გურია ნიუსს” ბახველებმა.
_ პრეზიდენტი გამოდის ტელევიზიით და უხვად არიგებს დაპირებებს, ამას გაგიკეთებთ, იმას გაგიკეთებთო. იცის, საერთოდ სოფლის ცხოვრება როგორია? რა ჩანს გაკეთებული? თუ დავიხოცეთ მშიერი, დავძაბუნდით უჭმელობით, რა უნდა ვქნათ? _ ამბობს “გურია ნიუსთან” საუბარში ერთ-ერთი ბახველი.
დიმიტრი ჩაგრაგანიძე აღნიშნავს, რომ მისი შემოსავალი მხოლოდ პენსიაა: _ ჩემისთანა გაჭირვებული ამქვეყნად სხვა არ მეგულება. მარტოხელა ვარ, მეუღლე და 36 წლის შვილი გარდაცვლილი მყავს. ორჯერ ჩამოვალ სოფლის ცენტრში პურის და შაქრის საყიდლად, ორ თავ წამალს ვიყიდი და მთავრდება ჩემი პენსიაც. ნახეთ, ხუთი პური მიმაქვს და ხუთი დღე უნდა ვიმყოფინო. დილას დავლევ ჩაის და ეგაა. შინაური ცხოველები არ მყავს, რა ვაჭამო? ყანა არ მაქვს და არც მექნება, იმიტომ რომ არ მაქვს საშუალება, ვუპატრონო _ ყველაფერი ძვირია. სოციალური დახმარება არ უნდა მეკუთვნოდეს? ეკონომიკურად ძალიან მიჭირს, დენის ვაუჩერი ჯერ არ მომსვლია _ შემხვდება თუ არა საერთოდ, არ ვიცი. ყველაფრის ფასმა კატასტროფულად მოიმატა. რაში მჭირდება პრეზიდენტი, ამის მეტად თუ არ დაეხმარება გაჭირვებულ ხალხს? მივაღწევ კი სექტემბრამდე, რომ თქვა პენსია გაიზრდებაო?
რამდენიმე წლის უკან რომ ტრაქტორები დაარიგეს, სადაა? ჩვენ არ გვინდა? გააქრეს თუ რა უქნეს, არ ვიცით, თვალად არ მინახავს. ერთი ტრაქტორი სოფელს არ უნდა ჰყავდეს?
გიორგი ქიქოძე აღნიშნავს, რომ სოფლის უპირველესი პრობლემა საგაზაფხულო სამუშაოების ჩატარებაა: _ ისე ძვირი ჯდება ყანის დათესვა, რომ გლეხი, ალბათ, მალე მიწასაც მიატოვებს. ისე, როგორც მიატოვეს ჩაის პლანტაციები. შარშან ლანჩხუთიდან ჩამოიყვანეს ტრაქტორი. რამდენიმე წლის უკან იყო სოფელში კერძო ტრაქტორები. მისი პატრონები გვიწყობდნენ ხელს და პენსიამდე ნისიად გვიხნავდნენ ფართობს. ახლა ლანჩხუთიდან ჩამოყვანილი ტრაქტორი როგორ დაგიხნავს ნისიად? თუ დახნავ, მერე საწვავს ვინ შეწვდება ან სასუქს? ახალგაზრდობა და ბევრი ოჯახის დიასახლისი, თურქეთში არიან სამუშაოდ წასული. რა ქნან? სახლში მოსწავლეები ჰყავთ, კვება უნდათ, ჩაცმა, უფულოდ განათლებას ვერ მიიღებენ, წიგნს ვერ იყიდიან. წაშლილია სოფელი. თუ დაგინახეს ეზოში ქათამი და ორი ძირი თხილი გაქვს, “ლორდი” ყოფილხარ და დახმარებას აღარ გაძლევენ.
მისივე თქმით, წამლისთვის 75 ლარი სჭირდება: _ პური და შაქარი ხომ უნდა ვიყიდო? ახლა 30-ლარიან სასურსათო ვაუჩერს დაგირიგებთო, ამბობენ. გლეხების პრობლემა ყანაა და მის მოვლაში დაგვეხმარონ. კარტოფილსაც ვეღარ ვთესავთ.
ბახველები ამბობენ, რომ სოფელში გახშირდა ქურდობის ფაქტები _ იპარავენ ცხენებს. ბოლო პერიოდში 8 ცხენია დაკარგული. ზოგმა მიმართა პოლიციას, ზოგმა _ არა: _ რა აზრი აქვს? გამოიძიებენ თუ? ხალხს რწმენა დაკარგული აქვს. ვინაა გამკითხავი? საქონლის ეზოდან გადაშვება უნდა გეშინოდეს _ ან ქურდი წაიყვანს ან _ მგელი, _ ამბობენ სოფლის ცენტრში შეკრებილები.
ამირან გორგაძე “გურია ნიუსს” თხოვნით მიმართავს, რომ, ჩვენი საშუალებით, ხმა მიაწვდინოს პრეზიდენტს, ოზურგეთის ხელისუფლებას, რესურსცენტრს: _ ჩვენს უბანს “კოდარა” ჰქვია. 16 კომლი ცხოვრობს და ბახვის ცენტრიდან დიდი მანძილით არის დაშორებული. აქედან ბავშვები მეორე სოფელში, ნასაკირალში დადიან სასწავლებლად, რისთვისაც გამოყოფილია ტრანსპორტი, მაგრამ თვეში 5 ლარს ჩვენ გვახდევინებენ თითოეულ მოსწავლეზე. სულ 200 ლარს ვიხდით. მოვითხოვთ, დაგვიბრუნონ, რაც ამ ორი თვის განმავლობაში გადავიხადეთ. კეთილი ინებოს სახელმწიფომ და ყურადღება მოგვაქციოს. შარშან უფასო იყო ტრანსპორტირება და წელს რატომ გახადეს ფასიანი?!