რევაზ ჩიტიძის გადადგომისთანავე გავრცელდა ხმა, რომ საკრებულოს ახალი რჩეული ამირან გიგინეიშვილი იქნებოდა. ჟურნალისტებისთვის გამართულ საინფორმაციო ხასიათის შეხვედრაზე ამირან გიგინეიშვილმა დაადასტურა, რომ ლანჩხუთის საკრებულოს ყოფილ უმრავლესობასთან კონსულტაციების გავლის შემდეგ, საერთო გადაწყვეტილებამდე მივიდნენ.
დეპუტატ თემურ ჩხაიძის გუნდის კანდიდატურად ამ თანამდებობაზე საკრებულოს წევრი დავით წულაძე სახელდება. ამ გუნდისა და საკრებულოს დეპუტატების გუშინ გამართულ შეხვედრაზე, ნუგზარ ჩხაიძე, რომლის პოლიტიკური სტატუსი ლანჩხუთში დღემდე გაურკვეველია, ცდილობდა ზეგავლენა მოეხდინა ყოფილ უმრავლესობაზე, წულაძის კანდიდატურის მხარდასაჭერად. ეს ინფორმაცია ამირან გიგინეიშვილმა არ უარყო. მაგრამ, გარკვეული ზეწოლის მიუხედავად, მან მაინც არ თქვა უარი საკუთარი კანდიდატურა წამოეყენებინა. უფრო მეტიც, იგი დარწმუნებულია, რომ საკრებულო მას მიანიჭებს უპირატესობას.



























































