ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის ზედამხედველობის სამსახურის ყოფილმა უფროსმა, ვლადიმერ სიხარულიძემ პრესკონფერენცია გამართა. იგი სამსახურიდან მოვალეობების შეუსრულებლობის გამო დაითხოვეს და გათავისუფლების ბრძანების გაუქმებას დიდი ხანია ითხოვს _ ორ თვეზე მეტია ამ საქმეზე ოზურგეთის სასამართლოში პროცესი იმართება. თუმცა, მანამდე სიხარულიძე საკითხის განხილვას ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოში შეეცადა და საჩივარი ეთიკის და იურიდიულ საკითხით კომისიაში შეიტანა. კომისიამ გათავისუფლების ბრძანება კანონიერად ცნო. თუმცა, სიხარულიძე ამბობს, რომ კომისიის დასკვნა გააყალბეს, რადგან მისივე თქმით, არსებობს კომისიის წევრების მიერ შემუშავებული დასკვნის პირველადი ვერსია, სადაც აღნიშნული ბრძანება უკანონოდ არის ცნობილი.
_ არ ვიცი, მერე რა მოხდა, მაგრამ საქმეში სხვა დასკვნა დევს. რამდენჯერმე ვითხოვე საკრებულოზე ამ საკითხის განხილვა, მაგრამ უარი მივიღე. მე ყველა გზა ამოვწურე და ბოლოს მივმართე სასამართლოს. ჩიტაიშვილის მიერ შექმნილმა დანაშაულებრივმა ბანდამ ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ სიმართლეს არ გაემარჯვა, _ ამბობს სიხარულიძე და დასტურად სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მოჰყავს.
_ იმედი მქონდა, რომ სასამართლო სამართლიან გადაწყვეტილებას გამოიტანდა, თუმცა, შევცდი. კანონის და სიმართლის დამცველი ორგანოდან ვითხოვდი, რომ გაეუქმებინა ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, ანუ ჩემი გათავისუფლების ბრძანება და დაევალდებულებინა საკრებულო, განეხილა ეს საკითხი. მაგრამ სასამართლომ არც ერთი ჩემი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა, _ აღნიშნა სიხარულიძემ.
მისივე თქმით, ოზურგეთის სასამართლომ პოლიტიკური გადაწყვეტილება მიიღო. ზედამხედველობის სამსახურის ყოფილი უფროსი მიიჩნევს, რომ ამ გადაწყვეტილების უკან, მხარის ხელმძღვანელობა დგას.
_ “ერთია, რას ფიქრობს ვლადიმერ სიხარულიძე და მეორე _ ამდენს რომ ლაპარაკობს, რატომ არ მიმართავს სასამართლოს, თუ არასწორად არის გათავისუფლებული. მიმართოს სასამართლოს და დაამტკიცოს თავისი სიმართლე. რაც შეეხება იმას, რომ თითქოს მე ვუბრძანე, სიხარულიძე მოეხსნათ, ეს არასერიოზული განცხადებაა. შესაბამისმა ორგანოებმა ძალიან კარგად იციან, ვინ უნდა წავიდეს და ვინ უნდა დარჩეს. ასე რომ, მას აქვს უფლება და ყველანაირი საშუალება, დაამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ზედამხედველობის სამსახური ყოველთვის უნდა იყოს მზად ამა თუ იმ დარღვევისას შესაბამისი ღონისძიებების გასატარებლად” _ ეს ციტატაა გურიის გუბერნატორის, ვალერი ჩიტაიშვილის მიერ გაზეთ “გურია ნიუსისთვის” მიცემული ინტერვიუდან ჩემი გათავისუფლების თემასთან დაკავშირებით. მხარის პირველი პირი აკეთებს მინიშნებას, რომ შესაბამისმა ორგანოებმა იციან, ვინ წავა და ვინ დარჩება _ ეს ძალიან ბევრ რამეს ნიშნავს, _ აღნიშნა სიხარულიძემ.