“ეს გამოიწვევს ქალაქის პარალიზებას და მე, როგორც პასუხისმგებლიანი პოლიტიკოსი, არ მოვუწოდებ მათ გაფიცვისკენ, მაგრამ მოვუწოდებ ქალაქის მერს გიგი უგულავას გამოვიდეს სირაქლემის პოზიციიდან და შეხედოს რეალობას,” _ განაცხადა მამუკა ბალიაშვილმა “მაესტროს” პრეს-კლუბში გამართულ პრესკონფერენციაზე.
ბალიაშვილი ამბობს, რომ გაფიცული მძღოლების მოთხოვნები სამართლიანია და იმედს იტოვებს, რომ საინიციატივო ჯგუფის შეხვედრა თბილისის ტრანსპორტის კომპანიის ხელმძღვანელთან აკაკი ჯოხაძესთან შედეგიანად დასრულდება.
მისი აზრით, ტენდერი, რომელიც უკანონოდ ჩატარდა და ერთ კონკრეტულ კომპანიას მიეცა მიკროავტობუსების ექსკლუზიურად შემოყვანის უფლება, ლიკვიდურად უნდა გამოცხადდეს.
“ვფიქრობთ, რომ ტენდერი , რომლითაც ერთ კონკრეტულ კომპანიას მიეცა მიკოავტობუსების შემოყვანის უფლება, იყო უკანონო და უნდა გამოცხადდეს ლიკვიდურად. ხოლო ის 488 მიკროავტობუსი, რომელიც “საქართველოს ბანკმა” ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო ჩამოართვა კომპანიას, მძღოლებს უნდა გადაეცეთ. ისინი დაფარავენ სესხს და მგზავრობის ღირებულებასაც 50 თეთრამდე შეამცირებენ.”
ბალიაშვილის თქმით, მოსალოდნელი გაფიცვის შესახებ, მან წინა დღეს სცადა სატრანსპორტო კომპანიის ინფორმირება, მაგრამ მათ კარი ჩაკეტეს და საკრებულოს დეპუტატს კომპანიის ხელმძღვანელთან შეხვედრის საშუალება არ მისცეს.
“მე დღეს თბილისის მეტროპოლიტენის და ყვითელი ავტობუსების პულსზე მიდევს ხელი, იქ დასაქმებულ ადამიანებსაც აწუხებთ ანალოგიური პრობლემები და სურთ გაფიცულებს შემოუერთდნენ. ვფიქრობ, აქამდე არ უნდა მივიდეთ და ქალაქის მერი უნდა გამოვიდეს სირაქლემის პოზიციიდან, “ _ განაცხადა მამუკა ბალიაშვილმა.