შეხვედრის დასრულების შემდეგ, სახალხო დამცველმა ციხეებში უკანონოდ დამონტაჟებული ფარული მოსასმენი და ვიდეო ჩამწერი აპარატურის აღმოჩენასთან დაკავშირებით გააკეთა კომენტარი. ნანუაშვილის განცხადებით, მისთვის უცნობია სად, რომელ საკანში აღმოაჩინეს ჩამწერი ტექნიკა.
“არ ვიცი კონკრეტულად რა კადრებზეა საუბარი. ამის შესახებ ინფორმაცია არაერთხელ იყო გავრცელებული. ვფიქრობ, საზოგადოებისთვის ეს არ იყო მოულოდნელი ფაქტი. რეალურად ეს იყო ის, რაზეც ვსაუბრობდით. ამაზე პატიმრების მხრიდან, არაერთი განცხადება იყო, თუმცა შესაბამისი ვიდეო მტკიცებულებები არ არსებობდა. თუ არსებობს მტკიცებულებები და უკანონოდ არის გაკეთებული, ამაზე უნდა მოხდეს შესაბამისი რეაგირება და დაიწყოს გამოძიება. კანონით შესაძლებელია გარკვეულ ადგილებზე მოხდეს მონტაჟი, მაგრამ არა ყველგან. არის ადგილები, სადაც მსგავსი ტექნიკის დამონტაჟება შეზღუდული და აკრძალულია. კანონის თანახმად არის გარემოებები, რა დროსაც შესაძლებელია მოხდეს დამონტაჟება. თუმცა ეს კანონში გაწერილია. მე არ ვიცი, კონკრეტულად სად და რომელ საკანში მოხდა ამ ტექნიკის აღმოჩენა. ჩვენ ამ საკითხით დავინტერესდებით, იმისთვის, რომ გვქონდეს ამომწურავი ინფორმცია, რა თქმა უნდა სახალხო დამცველის აპარატი რეაგირებას მოახდენს, რასთან გვქონდა საქმე.” _ განაცხადა უჩა ნანუაშვილმა.