ისინი ამ დრომდე რჩებიან ქალაქის ცენტრში და გიორგი გვილავას პარტიის თავმჯდომარედ დანიშვნას აპროტესტებენ, ასევე, ითხოვენ დამფუძნებული კრების ლეგიტიმაციის გაუქმებას.
ზურაბ ნინუა: “ჩვენ არ ვაღიარებთ ამ კრების ლეგიტიმურობას. გუშინ თბილისში შეგვპირდნენ, რომ კრება არ ჩატარდებოდა, მაგრამ ფაქტი სახეზეა. ახლა შევქმნით საინიციატივო ჯგუფს, წავალთ თბილისში და ბიძინა ივანიშვილის სახლთან დავიწყებთ მჯდომარე აქციებს. ჩვენ გადავწყვიტეთ პირადად მას ჩავაბაროთ პირადობის მოწმობები და უარი ვთქვათ საქართველოს მოქალაქეობაზე, რადგან უსამართლობის წინააღმდეგ ვიბრძოდით და თუ უფრო უარესი იქნებოდა, როგორ გვეგონა? არ გავჩერდებით მანამ, სანამ არ გაგვცემენ პასუხს, რატომ და ვის მიერ იქნა დანიშნული გვილავა პარტიის თავმჯდომარედ. როგორც ვხედავთ, ამ ქვეყანაში ნაცნობ-მეგობრობა და ბიძაშვილ-მამიდაშვილობა არ დამთავრდება არასოდეს. ცუდია, რომ “ქართული ოცნების” ხელმძღვანელები არ რეაგირებენ ასეთ მოთხოვნებზე და არ ცდილობენ საკითხებში გარკვევას”.
თორნიკე ქარცივაძე: “ჩვენ გუშინ გვინდოდა “ქართუ ჯგუფთან” შიმშილობის დაწყება, მაგრამ მობრძანდა გივი ჭიჭინაძე და დაგვპირდა, რომ დღეს ეს კრება არ გაიმართებოდა. ჩვენ ვიცით, რომ მანანა კობახიძემ დაურეკა გვილავას და უთხრა, რომ ამ გადაწყვეტილებას ძალა არ აქვს, მაგრამ გვილავა მაინც ამბობს, რომ ის არჩეულია პარტიის თავმჯდომარედ და სულ მალე შეუდგება მუშაობას. ხვალ წავალთ თბილისში და იქ გავაგრძელებთ ჩვენს საპროტესტო აქციებს. სხვებსაც აქვთ ეს პრობლემა და გავერთიანდებით. გვილავას თავმჯდომარედ მოსვლას ელოდებიან გამგეობაში, რომ მერე ყველა “ოცნებაში” გაწევრიანდნენ და ყველა დანაშაული ეპატიოთ”.
როგორც აქციის მონაწილეები აცხადებენ, ამ წუთებში მათ სატელეფონო საუბარი ჰქონდათ გაიოზ მონიავასთან, რომელიც სამეგრელოს რეგიონს უწევს კოორდინირებას. ამ უკანასკნელმა აღნიშნა, რომ კრების გადაწყვეტილებას ძალა არ აქვს.
მონაწილეების ერთი ჯგუფი უკვე გაემგზავრა თბილისში, სხვები კი ხვალ დილით გეგმავენ წასვლას.
დღევანდელ აქციაზე არ გამოჩენილან “თავისუფალი დემოკრატები” და “რესპუბლიკელები”. თბილისში არ მიდის ასევე “ეროვნული ფორუმის” აბაშის ორგანიზაციის თავმჯდომარეც.