კომიტეტის შეხვედრები სტრასბურგში, ევროპის საბჭოს მიწვევით იმართება. შეხვედრებზე, ეკა ბესელიამ დეტალურად ისაუბრა პარლამენტის პრიორიტეტებზე, საარჩევნო კანონმდებლობაზე, სასამართლო რეფორმის დაწყების აუცილებლობაზე, ასევე პოლიტიკური პატიმრებისა და ამნისტიის კანონის მიღების დიდ მნიშვნელობაზე. ასევე ბესელიამ მაუწყებლობის მიმართ პრემიერ-მინისტრის, ბიძინა ივანიშვილის განწყობის შესახებ არასწორად და არაობიექტურად გაჟღერებულ ინფორმაციაზე გაამახვილა ყურადღება. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის უდიდესი სურვილია, საქართველოში მედია იყოს თავისუფალი. საზოგადოებრივ მაუწყებელთან დაკავშირებით ისაუბრა ასევე დეპუტატმა ოთარ ჩრდილელმა. მისი განმარტებით, რეზოლუციაში არასწორად იქნა ჩაწერილი მედიაზე ზეწოლის თაობაზე. მანვე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მიერ ერთ ლარად გაჩუქებულ ქონებაზე გაამახვილა ყურადღება, როგორც კორუფციის ერთ-ერთ თვალსაჩინო მაგალითზე.
საინფორმაციო სესიის დასრულების და მუშაობის შეჯამების დროს ადამიანის უფლებების დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის წევრებმა მადლობა გადაუხადეს მიმწვევ მხარეს საინტერესო და მნიშვნელოვანი შეხვედრებისთვის. კომიტეტის თავმჯდომარემ, ეკა ბესელიამ ისაუბრა საქართველოში არსებულ გარდამავალ ეტაპზე. მანვე მასპინძლებს გააცნო ის ფასეულობები და ღირებულებები, რომლებიც ნიშანდობლივია ქართველი ხალხისთვის.
“ჩვენ ვიცით, სად არის ის ზღვარი, რომელიც არ უნდა გადავლახოთ, ჩვენ ზუსტად ვიცით,რა არ უნდა გავაკეთოთ. ჩვენი დიდი სურვილია საქართველოს მოქალაქეებს ჰქონდეთ სამართლიანობის განცდა. ჩვენი მიზანია, ერთად ვაშენოთ უკეთესი მომავალი”,- განაცხადა ეკა ბესელიამ.
ევროპის საბჭოს შემაჯამებელ შეხვედრაზე საპარლამენტო ასამბლეის გენერალური მდივნის, სავიცკის განმარტებით, მცდარი აზრია, რომ ევროპის საბჭო რომელიმე კონკრეტულ პოლიტიკურ მხარეს ემხრობა.
“ჩვენ ვემხრობით იმ გუნდს და იმ მთავრობას, რომელიც დემოკარატიული გზით, საარჩევნო ყუთებთან მისვილით აირჩია ქართველმა ხალხმა. ჩვენ, საჭირო შემთხვევაში, შევაქებთ ხელისუფლებას და, საპირისპირო შემთხვევაში, გავაკრიტიკეთბთ მას”,- განაცხადა სავიცკიმ.