ფრაქციიდან გარიცხვის მიზეზი საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის გიორგი კირთაძის თანამდებობიდან გადაყენებისთვის ხმის მიცემაა. ფრაქციის თავმჯდომარის განცხადებით, ფატლაძემ ფრაქციის წესდება დაარღვია: “ფრაქციაზე შეთანხმებული იყო, რომ მე უნდა გამეკეთებინა განცხადება და პროტესტის ნიშნად დამეტოვებინა დარბაზი. როდესაც გავაკეთე განცხადება, რომ ეს იყო უკანონო ქმედება და დარბაზი დავტოვე, ფატლაძემ არ დატოვა დარბაზი და ხმა მისცა გიორგი კირთაძის თანამდებობიდან გადაყენებას. ამით მან დაარღვია ფრაქციის წესდება და ამიტომაც იგი ფრაქციაში აღარ იქნება,” – ამბობს ნოდარ დუმბაძე.
“კარგი იქნებოდა, რომ ამ ფრაქციის მუშაობაში მიმეღო მონაწილეობა, სადაც ეს გადაწყვეტილება მიიღეს. არ ვაპროტესტებ. მე დღეს დავწერე განცხადება. ვტოვებ ფრაქციას და ვაგრძელებ დამოუკიდებელი დეპუტატის სახელით საკრებულოში მუშაობას. ჯერ დამოუკიდებელი დეპუტატის სტატუსით ვიქნები და მერე ვნახოთ,” – ამბობს ზაურ ფატლაძე.
დღესვე გახდა ცნობილი, რომ ბათუმის საკრებულოს ფრაქცია “ერთიანი ნაციონალური მოძრაობა” ორ ნაწილად გაიყოფა _ ერთ ნაწილს ფრაქციის დღევანდელი თავმჯდომარე ნოდარ დუმბაძე, ხოლო მეორე ნაწილს საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარე გიორგი კირთაძე უხელმძღვანელებს. ნოდარ დუმბაძის თქმით, ეს ბიუროში ნაციონალური მოძრაობის კიდევ ერთი წარმომადგენლის დამატების მიზნით ხორციელდება. თუმცა, აღსანიშნავია, რომ საკრებულოს წევრობა არ არის ანაზღაურებადი საქმიანობა და ხელფასს, მხოლოდ საკრებულოს თავმჯდომარე, მოადგილეები, ფრაქციების და კომისიების ხელმძღვანელები იღებენ. გიორგი კირთაძეს, როგორც ფრაქციის ხელმძღვანელს 1000 ლარამდე ანაზღაურება ექნება.