ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს და პოლონეთის არასამთავრობო ორგანიზაციას _ “მენეჯერული ინიციატივების ფონდს” შორის ურთიერთობა 2008 წლიდან დაიწყო. როგორც საკრებულოს თავმჯდომარე ანტონ ხუნდაძე ამბობს, ამ ურთიერთობის ფარგლებში, გამოცდილი ექსპერტების მიერ, ხდებოდა პოლონური თვითმმართველობის გამოცდილების გაზიარება საქართველოსა და პოლონეთში. გახორციელდა რამდენიმე ვიზიტი პოლონეთის სხვადასხვა ქალაქებში და მუნიციპალიტეტში _ ვარშავაში, ლუბლინში, ლეჟაისკში, შვიდნიკში… ამ ვიზიტების დროს დაიწყო მოლაპარაკება პოლონეთის პოვიატ ლეჟაისკის და ჩოხატაურის მუნიციპალიტეტებს შორის ურთიერთთანამშრომლობის ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ეკონომიკური, მეცნიერულ-ტექნიკური, კულტურულ-ჰუმანიტარული და მეგობრული კავშირების დამყარების მიზნით.
ხელშეკრულება პოლონეთში, პოვიატ ლეჟაისკში მიმდინარე წლის 8 მარტს გაფორმდა. ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის სახელით ხელშეკრულებას ხელი მოაწერა საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ, ლეჟაისკის მხრიდან _ ქალაქის სტაროსტამ იან კიდამ და ვიცე-სტაროსტამ რობერტ ჟოლიანიამ.
ხელშეკრულება თანამშრომლობის რამდენიმე სფეროს მოიცავს და ანტონ ხუნდაძის თქმით, ამ ხელშეკრულების თანახმად, ჩოხატაურის და ლეჟაისკის ფირმებს და საწარმოებს შორის ურთიერთობები დამყარდება: _ ერთმანეთს გავუცვლით ეკონომიკური ინფორმაციას, მონაწილეობას მივიღებთ ვაჭრობებში, გამოფენებში, კონგრესებში. უამრავი რამ გვაქვს დაგეგმილი და ეს არ არის ფურცელზე გაწერილი თანამშრომლობა.
როგორც ჩვენთვის გახდა ცნობილი, ლეჟაისკის ვიცე-სტაროსტამ რომერტ ჟოლიანიამ, ნიშნად მეგობრობისა და პატივისცემისა, შეჭირვებული ოჯახებისათვის, პირადი დანაზოგიდან, სიმბოლურად გამოაგზავნა 100 ევრო, რომელიც მუნიციპალიტეტის საკრებულოს თავმჯდომარემ ანტონ ხუნდაძემ, გასულ კვირას შეჭირვებული ოჯახების წარმომადგენლებს _ ხუთშვილიან თეა შარაშენიძეს და ოთხშვილიან ნინა ძნელაძეს გადასცა.