2017 წლის 5 აგვისტოს, დაბა სურამში, მაღაზიიდან გამოსულ, ქვეითად მოსიარულეთა ტროტუარზე მიმავალ დედა-შვილს _ 38 წლის შორენა მეგრელიშვილს და 5 წლის ნინო უნგიაძეს დიდი სისწრაფით მომავალი “ნისან ტიდა” დაეჯახა, რომელსაც სომხეთის რესპუბლიკის მოქალაქე, 22 წლის ახალგაზრდა მართავდა.
შეჯახების შედეგად დედა-შვილი, რომლებიც სურამში დასასვენებლად ჩოხატაურიდან რამდენიმე დღის ჩასულები იყვნენ, ადგილზე გარდაიცვალნენ.
შემთხვევის დროს შორენა მეგრელიშვილს კიდევ სამი შვილი ახლდა, რომლებიც ამ ფაქტის თვითმხილველები არიან.
როგორც გვითხრეს, სწრაფად მომავალი ავტომობილის დანახვაზე გოგონებმა გაქცევა მოახერხეს. თუმცა, მათ წინ მიმავალმა დედამ და პატარამ ეს ვერ შეძლეს და სიცოცხლეს ოჯახის წევრების თვალწინ გამოემშვიდობნენ.
ამ ტრაგედიამ მთელი საქართველო შეძრა _ განსაკუთრებით კი ჩოხატაური, სადაც დაღუპულები ცხოვრობდნენ.
დედა-შვილი უკანასკნელ გზაზე ათასობით ადამიანმა გააცილა _ ნაცნობებმაც და უცნობებმაც. ყველა დასტიროდა დაუდევრობის და უპასუხისმგებლობის გამო ნაადრევად შეწყვეტილ სიცოცხლეებს და ამასთან ერთად ყველა ელოდა შედეგს _ დამნაშავის დასჯას.
თუმცა, პირველი ინსტანციის სასამართლომ ორი ადამიანის მკვლელს წაყენებული მუხლის მინიმუმი _ 6 წელი მისცა, რაც დაღუპულების მეუღლემ და მამამ, მიხეილ უნგიაძემ სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა:
_ მუხლი 6-დან 10 წლამდე პატიმრობას ითვალისწინებდა. პირველი ინსტანციის სასამართლომ 6 წელი მიუსაჯა და მხოლოდ ამის გამო გავასაჩივრეთ სააპელაციო სასამართლოში, სადაც 2 წელი დაუმატეს. მერე აღარ გამისაჩივრებია. რა აზრი ჰქონდა? თუნდაც, 100 წელი მიუსაჯონ, ჩემთვის ეს რას ცვლის?! პირველი ინსტანციის გადაწყვეტილებაც მხოლოდ იმის გამო გავასაჩივრე, რომ სასჯელის მცირე ზომა მისცეს. კანონია ასეთი _ 2 ადამიანის მკვლელობისთვის 6-დან 10 წლამდეა სასჯელი გათვალისწინებული, _ აღნიშნა ჩვენთან საუბრისას მიხეილ უნგიაძემ.