ქალაქ ოზურგეთში დასვენებისა და კულტურის პარკში 78 წლის ოთარ ჩხარტიშვილი მთავარი მებაღეა. ბატონმა ოთარმა 1993 წლიდან დღემდე პარკის გალამაზებისთვის ათობით ხე და ათასობით ყვავილი გაახარა.
“დავიბადე 1940 წელს, 9 ოქტომბერს, ლანჩხუთის რაიონის სოფელ ჩოჩხათში. ჩვეულებრივი ადამიანების ოჯახში. ჩემი დაბადებიდან ერთ წელში დაიწყო ომი და მის მერე ცხოვრების გზაზე იყო პატარ-პატარა ცხოვრებისეული ბრძოლები. დღემდე ვუძლებ. ახლა თითქმის 80 წლის ვარ და ჩემს საყვარელ საქმეს ვაკეთებ _ მებაღე ვარ!” _ ასე გაგვეცნო ჩვენი რესპონდენტი.
“სოფლელი ბიჭი ვიყავი, ჭადითა გამოზრდილია, უქუდო თოხის ამარა, ქალამან გაცვეთილია” _ ასეთი იყო ჩემი ბავშვობა. ჩოჩხათის თემში შედიოდა შრომა და იქ ვსწავლობდი დაწყებით კლასში. შემდეგ დაიწყეს იმავე სოფელში ახალი 8 წლიანი სკოლა აშენდა. 1958 წელს დავასრულე სკოლა, რის შემდეგ წავედი ქობულეთში, სადაც მამიდაჩემი იყო გათხოვილი. დავიწყე მზადება უმაღლესი სასწავლებელში ჩასაბარებლად, პარალელურად გავფორმდი რკინიგზის სადგურში, სააღმშენებლო კოლექტივში, როგორც სკოლა ახალდამთავრებული მიმიღეს. სამუშაოს კუთხით გამიმართლა, მაგრამ სწავლის მხრივ არა, რადგან ჯარში გამიწვიეს. ჯარიდან რომ ჩამოვედი, შევეცადე ბათუმში ჩამებარებინა უმაღლეს სასწავლებელში, მაგრამ ზეპირ გამოცდაზე არ გამიმართლა, თან ფული არ მქონდა და ასე დასრულდა ჩემი სწავლა-განათლების ამბავი. დავბრუნდი ისევ ქობულეთში, რკინიგზის სადგურში.
1963 წელს მოვიყვანე ცოლი, მარინა ერქვა. ძალიან გულთბილი, კეთილი და შრომისმოყვარე ადამიანი იყო. სამწუხაროდ, დღეს აღარ არის ცოცხალი. მე და მარინას შეგვეძინა ორი შვილი _ გელა და ილო. გელა 42 წლის ასაკში დაგვეღუპა. ეს იყო დიდი ტრაგედია ჩვენი ოჯახისთვის. დამრჩა ჩემი გარდაცვლილი შვილისგან ერთი ბიჭი, ჩემი სახელი ერქვა, ოთარი. რაც შეეხება მეორე შვილს, ილოს, ის თავის ოჯახთან ერთად თბილისში ცხოვრობს, ამ წუთას ჩემთან არის. ცოტა საქმეები გვაქვს სახლში და მეხმარება. ხშირად ჩამოდიან ჩემები ჩემს სანახავად”.
ოთარ ჩხარტიშვილს ბავშვობიდან უყვარს ბუნება. როგორც თავად გვიყვება, ის ძალიან ეხმარებოდა ოჯახის წევრებს საოჯახო საქმეებში.
“დიდი კარმიდამო გვქონდა და საქმე ბევრი იყო. ხილი, ვენახი, ყვავილები, შინაური ცხოველები. საქმის მეტი რა იყო. თან უნდა მესწავლა და თან კიდევ დედაჩემს და მამაჩემს უნდა დავხმარებოდი სახლის საქმეებში”, _ იხსენებს ბატონი ოთარი.
“1993 წლიდან იწყება კულტურისა და დასვენების პარკთან ჩემი ურთიერთობა. არანაირი პირობები არ იყო თავიდან. შინაური ცხოველებით იყო სავსე და მე, შეძლებისდაგვარად, ვცდილობდი, ეს პარკი დამსგავსებოდა პარკს, მაგრამ ჩემი ოცნების ასრულებას წლები დაჭირდა. ავთანდილ სირბილაშვილი რომ დაინიშნა პარკის დირექტორად, მაშინ დაიწყო პარკის გაცოცხლება და ზრუნვა. მე მას დავპირდი, თუ საქმისთვის იყო მოსული, დილიდან საღამომდე ვიქნებოდი სამუშაოდ, რადგან მიწასთან მუშაობა ძალიან მიყვარს და ასევე, ძლიერ მიყვარს ბუნება. დიდი სურვილი მქონდა ოზურგეთში ყოფილიყო ისეთი გარემო, სადაც ადამიანები დაისვენებდნენ, ერთმანეთს ნახავდნენ და დროს გაატარებდნენ. შემდეგ მოხდა ცვლილებები და პარკის დირექტორად ინგა დუმბაძე დაინიშნა. სასიხარულოა, რომ დაწყებული საქმის კეთება გაგრძელდა და დღემდე წარმატებით ვასრულებ ჩემს მოვალეობას”.
ბატონ ოთარს ერთწლიანი ყვავილები თვითონ გამოყავს და შემდეგ პარკში რგავს. სეზონზე, დაახლოებით, 1000 ძირი “რუდბეკია” ყვავის. ასევე, მისი ძალისხმევით გაშენდა ძეწნები, ევკალიპტები და სხვა ჯიშის ხეები. წელს ოთარ ჩხარტიშვილმა ქალაქ ოზურგეთის საპატიო მოქალაქის წოდება მიიღო. ამ ფაქტთან დაკავშირებით ჩვენი რესპონდენტი აღნიშნავს, რომ კარგი იქნება თუ მომავალ წელს ეს ჯილდო იმ ადამიანებს გადაეცამათ, რომლებიც ბუნების დაცვას და გალამაზებას ემსახურებიან.
“წელს დამინიშნეს დამხმარე. ადრე, წლების წინ, ყოველთვე მარტო ვასუფთავებდი ბალახისგან 16 000 კვმ. მიწის ნაკვეთს. წელიწადის 7 თვე ასე გრძელდებოდა. ულბეკების გარდა, არაერთი ყვავილს ვრგავ და ვახარებ. ეს არის ჩემთვის დიდი სტიმული, რომ ყოველ წელს სხვადასხვა ჯიშის ყვავილებით გავალამაზო ქალაქის ცენტრი. ჩემს ეზოშიც აქტიურად ვმუშაობ, ხილს ვახარებ და ამას მარტო ვაკეთებ. საქმეს, რომელსაც მოკიდებ ხელს, თუ გულით არ აკეთებ, დამიჯერეთ, არაფერი გამოგივა. ეს არის კანონი და ამას არ ჭირდება დიდი პოლემიკა. არადა, ადამიანს როგორ არ უნდა უყვარდეს ბუნებასთან ურთიერთობა, მიწასთან შეხება, მუშაობა. როდესაც ათასობით ნერგს ვრგავ, პარკში თუ ჩემს კარმიდამოში, არ ვიცი, როგორ აღვწერო ის სიხარული და ბედნიერება, რასაც მაშინ განვიცდი. მე, ერთი ყვავილი რომ დავრგე და გაიხარა, მის გარშემო მეორე, მესამე, მეხუთე და ასობით ნერგი ჩავრგე, გავამრავლე და გავალამაზე გარემო. ყველა ყვავილი თავის პირობას გიყენებს და დიდი ყურადღება ითხოვს”.
საუბრის დასასრულს ბატონი ოთარი ლექსით დაგვემშვიდობა: “რაც ვაკეთე, ის არ კმარა, კიდევ დაგვრჩა უფრო მეტი, რომ დამშვენდეს, გალამაზეს, ჩვენი ტურფა ოზურგეთი”.ჩხარტიშვილი მთავარი მებაღეა. ბატონმა ოთარმა 1993 წლიდან დღემდე პარკის გალამაზებისთვის ათობით ხე და ათასობით ყვავილი გაახარა.