ლუკა ყაჭეიშვილი, როგორც მისმა პედაგოგებმა გვითხრეს, მრავალმხრივ ნიჭიერი მოსწავლეა, რომელსაც ერთნაირი სიძლიერით უყვარს, როგორც ჰუმანიტარული, ასევე ტექნიკური საგნები. ჩანახატების წერაც მშვენივრად გამოსდის. მუსიკა კი მისი სერიოზული გატაცებაა. ახალგაზრდული გაზეთი მას სამუსიკო სკოლაში ეწვია, როცა გაიგო, რომ მასთან ინტერვიუს ჩასაწერად მივედით, მრავლისმეტყველი, ღრმა თვალებით შემოგვხედა, როიალს მიუჯდა და შოპენის ვალსი მოგვიძღვნა. შემდეგ მაგიდას მივუსხედით, იგი საინტერესოდ და ამავე დროს ძალიან სასიამოვნოდ საუბრობდა.
_ ლუკა, როგორც ვიცით, მუსიკისადმი მიდრეკილება ძალიან პატარა ასაკში გამოავლინე…
_ დიახ, ამაში მნიშვნელოვანი წვლილი დედას მიუძღვის. იგი ძალიან კარგად უკრავს და მღერის. შეუძლია, ერთი მოსმენით ნებისმიერი მუსიკა ააწყოს. დედას ყოველთვის დიდი გატაცებით ვუსმენდი, რა თქმა უნდა, ამანაც განაპირობა ჩემი მუსიკით დაინტერესება. ასევე ჩემი ბიძა და მისი მეუღლე იტალიაში მოღვაწეობენ საოპერო თეატრში, ასე რომ, გენეტიკურად მუსიკალურები ვართ მე და ჩემი ძმა _ თამაზიკო.
_ კლასიკური მუსიკისადმი სიყვარული ბავშვობიდანვე გქონდა?
_ ძალიან მიყვარდა ჯაზი. როცა სამუსიკო სკოლაში ჩავაბარე, მერე თანდათან კლასიკაზე გადავერთე. თუმცა, დაწყებით კლასში კონცერტებზე ხშირად ჯაზის ნომრებსაც ვასრულებდი. საერთოდ, ქეთინო მასწავლებელი კარგად იცნობს ჩემს გემოვნებას და როცა ის ნაწარმოებს შემირჩევს ხოლმე, მე ზუსტად ვიცი, რომ ის ჩემს ხასიათში ზის და მაშინვე ვიწყებ სერიოზულ მეცადინეობას.
_ რომელია შენი საყვარელი კომპოზიტორები?
_ ჩემი საყვარელი კომპოზიტორებია: ბახი, მოცარტი, შოპენი, ბეთჰოვენი, აზარაშვილი და სხვ. მათ ნაწარმოებებს დიდი სიყვარულით ვასრულებ. როცა გადაღლილი ვარ, ბახი ძალიან მამშვიდებს.
_ კონცერტზე გამოსვლისას თუ ღელავ?
_ ადრე ძალიან ვღელავდი, მერე თანდათან შევეჩვიე და ახლა ბევრად მშვიდად ვარ, თუმცა სცენაზე განცდა გარკვეული თვალსაზრისით აუცილებელიცაა. საერთოდ კონცერტზე დაკვრა მიყვარს. განსაკუთრებით სასიამოვნოა, როცა მაყურებელი ყველა შენს ბგერას გრძნობს, ანუ შენთანაა. გენიალური კომპოზიტორის რახმანინოვის სიტყვებს გავიმეორებ: ერთია, როცა ისმენ და გსიამოვნებს და ორმაგად სასიხარულოა, როცა თან ასრულებ და თან სხვასაც ესთეტიკურ სიამოვნებას ანიჭებ.
_ ლუკა, ჩვენ ვიცით, რომ ჩანახატებს წერ, ამ “საქმით” როდის დაინტერესდი?
_ როცა შეყვარებული ვიყავი.
_ როდის შეგიყვარდა პირველად?
_ პირველ კლასში, ჩანახატების წერაც მაშინ დავიწყე, შესაბამისად, ჩემი ნაწერების უმრავლესობა სიყვარულზეა.
_ როგორია შეყვარებული ლუკა ყაჭეიშვილი და როგორ გამოხატავდი სიყვარულს?
_ ამ დროს ძალიან მხიარული ვარ, სამყაროს სხვანაირად ვუყურებ. რაც შეეხება სიყვარულის გამოხატვას, ვცდილობდი, ჩემი შეყვარებულის გვერდით ხშირად ვყოფილიყავი, ვჩუქნიდი ყვავილებს, მაქსიმალურად ვცდილობდი ისეთი რამე გამეკეთებინა, რაც მას გაახარებდა. ერთხელ სკოლაში ქართულის მასწავლებელმა, მერი მამალაძემ დაგვავალა თავისუფალი თემის დაწერა, მე სიყვარულზე დავწერე, ჩემს შეყვარებულს მივუძღვენი. მერი მასწავლებელს ძალიან მოეწონა. შემდეგ მითხრეს, რომ სამასწავლებლოში შეუტანია და იქ წაუკითხავს, ზოგიერთი მასწავლებელი კიდეც ტიროდა თურმე.
_ ლუკა ასეთი დიდი სიყვარული გქონდა შენი რჩეულისადმი და სამწუხაროდ, შენ მას დაშორდი. რა მოხდა? სკანდალით დაშორდი?
_ არა, სკანდალი, რა თქმა უნდა, არ ყოფილა, უბრალოდ, მივხვდი, რომ ეს არ იყო ნამდვილი სიყვარული და რომ ეს, მხოლოდ გატაცება იყო.
_ როგორი უნდა იყოს გოგონა, რომელიც შენ მოგეწონება?
_ კარგი გარეგნობა უნდა ჰქონდეს, აუცილებლად უნდა იყოს განათლებული, თავისუფალი. საშინლად არ მიყვარს მეტიჩარა გოგონები.
_ ანუ, ამჟამად შენი გული თავისუფალია?
_ დიახ.
_ ლუკა, სპორტის რომელი სახეობა გიტაცებს?
_ ფეხბურთს ვთამაშობდი, ახლა კალათბურთით ვარ სერიოზულად გატაცებული, ბევრს ვვარჯიშობ.
_ შენი მიზანი რა არის?
_ ძალიან კარგად უნდა ვისწავლო. აუცილებლად უნდა ვიყო მატერიალურად ძლიერი, ქველმოქმედი. დავეხმარო ახლობლებს და პირველ რიგში, ჩემს მშობლიურ კუთხეს _ ჩოხატაურს და ჩოხატაურელებს.
_ მაინც რაში დაეხმარებოდი ჩოხატაურს?
_ ჩამოვიტანდი კინოს გადასაღებ აპარატურას, ამ მშვენიერ ბუნებაში ძალიან საინტერესო ფილმების გადაღება შეიძლება. კიდევ ბევრი გეგმა მაქვს.
_ ლუკა რომელი ანსამბლის ჩამოსვლას ისურვებდი ჩოხატაურში?
_ უფროსებიდან ხშირად მსმენია, რომ აქ ძალიან ბევრი ანსამბლი ჩამოდიოდა, მაგალითად _ “ორერა,” ივერია” და სხვ. ეს აუცილებელია. ახალგაზრდები უნდა იცნობდნენ ყველა პოპულარულ ანსამბლს. პატივს უნდა სცემდნენ მათ შემოქმედებას. მე ძალიან გამიხარდება თუ ჩოხატაურში ჩამოვა ანსამბლი “მგზავრები.” თანამედროვეცაა და ტრადიციულიც. დარწმუნებული ვარ ჩემი და ცოტა ჩემზე უფროსი თაობაც ასე ფიქრობს. მგზავრებს ჩოხატაურში ბევრი ფანი ჰყავთ.