ყვითელ თუ თეთრ სიმინდზე, ჟურნალისტებს კვლავ არაერთხელ მოგვიწევს წერა და თოხნის, ვეგეტაციის თუ ტეხვის ჟამს, იქნებ, პირდაპირ საყანე ფართობებიდანაც გადმოგცეთ რეპორტაჟი.
ახლა კი ჩვენს მკითხველს ვუამბობთ აბაშური ყვითელი სიმინდის შესახებ, რომლის არსებობა-არარსებობის შესახებ, სოფლის მეურნეობის მინისტრმა კვეზერელმა, ლამის, სანაძლეო დაგვიდო და ყოვლისმცოდნის ტონით პირადად მომმართა: “თქვენ თუ ერთ-ორ კილო აბაშურ ყვითელ სიმინდს სადმე მაჩვენებთ…”
ვაჩვენებთ კი არა, ამ ჯიშის სიმინდის ფქვილისგან კვეზერელს კვერსაც გამოვუცხობთ და მივართმევთ (მთავარია, გურულების თქმისა არ იყოს, “უტუხად” არ შემოგვიტიოს ისევ, ეს იმ ჯიშისა არ არისო!). არადა, ეს ის არის, აბაშური ყვითელი, ბატონო ბაკურ! იმერეთის არაერთ სოფელში (ისევე, როგორც სამეგრელოში), ეს სიმინდი, მართალია, ძალიან დიდი რაოდენობით არა, მაგრამ საკმაოდ, დღესაც მოჰყავთ. პირადად მე, სათესლე მასალა სწორედ იქედან წამოვიღე (კონკრეტული სოფლის სახელს ამჯერად არ ვასახელებ, ვინ იცის, ვის რა ულტიმატუმს წაუყენებენ!) და საკუთარ მეურნეობაში მოვამრავლე. მსურს, ყოველ წელს მეტი მოსავალი მივიღო, რადგან ადამიანის თუ პირუტყვის საკვებად, თითქმის ერთნაირად სასარგებლო და ყუათიანია. არც ის მინდა იფიქროს ჩვენმა ნორჩმა მინისტრმა, რომ კრიჭაში ვუდგავართ _ უბრალოდ, მისი კატეგორიული ტონი გვაკვირვებს, როცა ამტკიცებს, ეს სიმინდი დღეს საქართველოში არ არსებობსო, თორემ, თუ კარგი იქნება, იმ ამერიკულ სიმინდსაც დავთესავთ და მოვიყვანთ.
როცა ბებია-ბაბუას საოჯახო საქმიანობისას ვუცქერდი, ყვითელი სიმინდით შინაურ პირუტყვს და განსაკუთრებით, ფრინველს კვებავდნენ, მსუქან ინდაურებსა და ქათმებს გაცილებით კარგი გემო და ყვითელი ფერი ექნებათო. ოჯახში კი, განსაკუთრებით, სტუმრიანობის ან დღესასწაულების დროს, ბებია, როგორც თეთრი, ისე ყვითელი სიმინდის ფქვილისგან, მჭადსაც აცხობდა და ღომსაც აკეთებდა. მერე კი სუფრაზე გვერდი-გვერდ დებდა (ერთ თეფშზეც ორივე ფერის ღომს მოათავსებდა), ანუ ფერისა და გემოს სინთეზს ახდენდა, რასაც გამორჩეული ელფერი ჰქონდა. ეს ტრადიცია დღესაც გრძელდება, როგორც ჩემს, ისე სხვის ოჯახებში და საერთოდ, ახალს არაფერს ვამბობ _ ჩვენს სამშობლოში, “გეორგიად” წოდებულ ქვეყანაში, ეს ბევრს არ უკვირს.
ასე რომ, კვეზერელის მიერ, ირონიულად მოხსენიებულ ჩვენს ბავშვობას, “ქვის ხანაში” არ ჩაუვლია, აბაშურ ყვითელ სიმინდთან ერთად.