16 მარტს, ჩოხატაურის მუნიციპალიტეტის საკრებულოს გამგეობის ხელმძღვანელობა სოფლების მოსახლეობას შეხვდა, შეხვედრების მიზანი სოფლის პროგრამის გახორციელებისთვის პრიორიტეტების გამოკვეთა იყო.
პირველი შეხვედრა სოფელ ბჟოლიეთში შედგა. სოფელში 70 კომლი ცხოვრობს და აქედან მხოლოდ 6 კაცს აქვს სამსახური. სოფელში ერთი პატარა სასურსათო ჯიხურია, სადაც ელემენტარულ პროდუქტსაც ძნელად შეიძენ, და დენის წისქვილი, რომელსაც მეწისქვილე არ ჰყავს _ თითოეულ მცხოვრებს შეუძლია ამ წისქვილში სიმინდი დაფქვას, ოღონდ მრიცხველის მიერ დაფიქსირებული მოხმარებული ელექტროენერგიის საფასური უნდა გადაიხადოს. სოფელში, ერთ დროს, დაწყებითი სკოლა ჰქონიათ, რომელიც გაუქმებულია და ბავშვები სხვადასხვა სკოლებში დადიან. ზოგი დაბა ჩოხატაურში სწავლობს და დღეში მგზავრობის საფასურის _ სამ ლარს იხდიან: _ ჩემი ორი შვილი დადის ჩოხატაურში, სკოლაში და 6 ლარი როგორ გადავიხადო? სოფელს სერიოზული პრობლემები აქვს: 5 წლის წინ შევიტანეთ განცხადება გამგეობაში _ საცალფეხო ხიდის გაკეტებას ვითხოვდით, რომ საქონელი ტყეში გაგვერეკა. იმ მხარეს საყანე ფართობებიც გვაქვს. როგორც გვითხრეს, ხიდის გაკეთება ძვირი ჯდება და სოფლის პროგრამით ეს არ მოხერხდებაო. თუ ხიდს ვერ გაგვიკეთებენ, გაუქმებული სკოლა მაინც გაგვირემონტონ, _ ამბობს ანზორ კიწმარიშვილი.
ბჟოლიეთიდან ხევში გადავინაცვლეთ _ აქ საბავშვო ბაღის აღდგენა უნდათ. რაც მთავარია, შენობა არის და ინვენტარს, ალბათ, შეუძენენ, საბაზო სკოლა ახალ შენობაშია განთავსებული, თუმცა, შენობის გვერდზე ძველი, უსახური, ამორტიზებული შენობა დგას, რომელიც, შესაძლოა, ჩამოინგრეს და ბავშვების ჯანმრთელობას საფრთხე შეუქმნას. როგორც გვითხრეს, შენობის დანგრევის ნებართვა აქვთ, მაგრამ მისი დაშლისთვის თანხა არ გამოინახა.
ბუქსიეთის მოსახლეობა გაუქმებული დარბაზის გარემონტებას ითხოვს; ნაბეღლაველებს წყლის, შიდა სასოფლო გზის და შუქის პრობლემა აქვთ; ქვაბღაში 2-კილომეტრიანი გზის შეკეთებას ითხოვენ _ ეს სკოლისკენ მიმავალი გზაა, რომლითაც ბავშვების უმრავლესობა სარგებლობს. გასულ წელს კლუბი გაურემონტებიათ, ახალი პიანინო შეუძენიათ და ქვაბღელი ბავშვები ხშირად იწვევენ თანასოფლელებს საკუთარ კონცერტზე.
ქვაბღიდან ჩხაკაურასკენ თოვლის გვირაბის გავლით გავემართეთ _ თოვლის სიმაღლე 2 მეტრს აღწევს: _ თოვლის უფრო დიდი იყო. რაც მთავარია, შუქი გვქონდა. ხელისუფლება დიდ ყურადღებას გვაქცევს, საწვავი მოგვაწოდა, შევძელით გზები გაგვეწმინდა და ერთმანეთს დავხმარებოდით _ სახლის თოვლისგან გათავისუფლება დღეში 2-ჯერაც გვიხდებოდა, _ გვითხრეს იქაურებმა, რომლებიც არ წუწუნებენ, საკუთარ სარჩოს თავადვე შოულობენ, ერთმანეთის ჭირსა და ლხინს იზიარებენ, ცოტაოდენი ხელშეწყობა თუ ექნებათ, მადლიერებიც იქნებიან. აქვთ საკუთარი წისქვილი, საკუთარი ხელით გამოთლილი მარხილით ეზიდებიან ტვირთს, კმაყოფილები არიან ექიმის, მარიკა ჯიქიას და სკოლის ადმინისტრაციის მუშაობით. რაც შეეხება პრიორიტეტს, ჩხაკაურელებს კლუბის გარემონტება უნდათ, რაზედაც შეთანხმდნენ კიდეც ხელისუფლებასთან.