“დემოკრატიის ინსტიტუტი ეხმაურება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტების არდაშვების ფაქტს. როგორც ჩვენთვის ცნობილია, მთავრობის სხდომაზე ჟურნალისტებს არ მიეცათ სხდომაზე დასწრების შესაძლებლობა, რის მიზეზადაც დასახელდა ოთახის მოცულობის სიმცირე და სხდომის მიმდინარეობის დროს ჟურნალისტების გადაადგილება .
გამომდინარე იქედან, რომ სახელმწიფო ხელისუფლების ორგანოთა საქმიანობის მიმართ არსებობს განსაკუთრებული საჯარო ინტერესი, მიზანშეწონილია, რომ მაქსიმალურად იქნას უზრუნველყოფილი მთავრობის (ასევე სხვა სახელმწიფო სტრუქტურების) საქმიანობის საჯაროობა, მითუმეტეს სხდომების მიმდინარეობის დროს და მიუღებელია სხვადასხვა არგუმენტებით მათი საქმიანობის საჯაროობის შეზღუდვა (იმის მიუხედავად, რომ მთავრობის სხდომების საჯაროობა კანონმდებლობით რეგლამენტირებული ვალდებულება არ არის).
ყურადსაღებია აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის პოზიცია ოთახის მოცულობის სიმცირესთან დაკავშირებით, თუმცა მიგვაჩნია, რომ შესაბამისი ნების არსებობის შემთხვევაში საჯაროობის უზრუნველყოფა ამ პირობებშიც (ოთახის მოცულობის სიმცირე) შესაძლებელია.
დემოკრატიის ინსტიტუტი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას რეკომენდაციით მიმართავს: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქმიანობის და სხდომების მაქსიმალური საჯაროობის უზრუნველყოფის, ასევე მთავრობის სხდომებზე ჟურნალისტების დასწრების შეზღუდვის თავიდან აცილების მიზნით ჟურნალისტებისათვის, ზოგადად დაინტერესებული პირებისათვის მთავრობის ადმინისტრაციულ შენობაში მოხდეს სპეციალური ოთახის გამოყოფა, სადაც განხორციელდება მთავრობის სხდომების პირდაპირი ტრანსლაცია, რაც მათ მიცემთ შესაძლებლობას თვალ-ყური ადევნონ მთავრობის სხდომის მიმდინარეობას, ხოლო მეორეს მხრივ მთავრობის სხდომით დაინტერესებული პირების სიმრავლის მიუხედავად უზრუნველყოფილი იქნება სხდომების საჯაროობა. ” – ნათქვამია განცხადებაში.