შეხვედრისას მსჯავრდებულმა განაცხადა, რომ თავს არ სცნობს დამნაშავედ და მისი დაკავების ერთადერთი მიზეზი არის ის, რომ სწორედ მან გადასცა ტელეკომპანია “მაესტროს” ვიდეომასალა, სადაც ასახულია სასჯელაღსრულების დაწესებულებაში გირგვლიანის მკვლელობისთვის მსჯავრდებული პირების თვითნებური ქმედებები.
როგორც გია ალავიძემ განაცხადა, 2009 წლის აგვისტოში ის დააკავეს და სამი თვის განმავლობაში ოჯახის წევრებმა არ იცოდნენ მისი ადგილსამყოფელი. მან აღნიშნა, რომ მასზე ზეწოლას ახორციელებდნენ სასჯელაღსრულების დეპარტამენტის თანამშრომლები ოლეგ ფაცაცია, გაგა მკურნალიძე, ვიქტორ ყაჭეიშვილი და გოგა ბუთლიაშვილი.
პატიმარ გია ალავიძეს არ ჰყავს ადვოკატი, თუმცა საქმის მასალების გაცნობის შემდეგ აღმოაჩინა, რომ სასამართლოზე მის უფლებებს სახაზინო ადვოკატი იცავდა, რომელიც არასდროს უნახავს. ის უარს აცხადებს ამნისტიაზე და მოითხოვს მისი საქმის ხელახალ გამოძიებას და ჭეშმარიტების დადგენას.
სახალხო დამცველი დაეხმარება პატიმარ გია ალავიძე ადვოკატის აყვანაში, დეტალურად შეისწავლის მის საქმეს და მოახდენს სამართლებრივ რეაგირებას.