თბილისის მერია მზადაა უკრაინელი ლტოლვილები შეიფაროს, – ამის შესახებ დედაქალაქის მერმა კახა კალაძემ განაცხადა.
ასევე, მისი თქმით, თბილისში იქნება რამდენიმე ადგილი, სადაც უკრაინის დასახმარებლად მოქალაქეებს პროდუქტების მიტანა შეეძლებათ. თბილისის მთავრობა მზად არის მონაწილეობა მიიღონ უკრაინისთვის ჰუნიტარული დახმარების პროცესში.
„უკრაინისთვის განსაკუთრებული ძნელბედობის ჟამს, ჩვენ ყველანი, ერთიანი ძალით, ჩვენი შესაძლებლობების ფარგლებში, ვაგრძელებთ უკრაინელი ხალხის მხარდაჭერას, სხვადასხვა ფორმით. ვის ვისა და ქართველებს არ გვესწავლება თანადგომა და მხარდაჭერა გაჭირვებაში მყოფი მეგობრების მიმართ. ჩვენი სახელმწიფო, ომის პირველივე დღეებიდან უწევს დახმარებას საქართველოში დარჩენილ უკრაინის მოქალაქეებს. უკრაინაში გაიგზავნა ჰუმანიტარული ტვირთი და კვლავ გრძელდება ჰუმანიტარული დახმარების მობილიზება მთელი ქვეყნის მასშტაბით, რომელშიც სახელმწიფო უწყებებთან ერთად, მონაწილეობს კერძო სექტორი, რიგითი მოქალაქეები. თბილისმა, რომელიც ერთ-ერთი ყველაზე სოლიდარული ქალაქია, გამოთქვა მზაობა, შეიფაროს უკრაინის მოქალაქეები და დაეხმაროს იმ ტკივილის გადატანაში, რასაც დღეს ისინი განიცდიან. მზად ვარ, საკუთარი წვლილი შევიტანო და პირადი სახსრებითაც დავაბინაო უკრაინული ოჯახები, ვიდრე უკრაინაში მშვიდობა დაისადგურებს. ამასთან, გადავწყვიტეთ, გავხსნათ ანგარიში, სადაც შენატანს გავაკეთებ პირადად მეც და ბევრი ჩემი მეგობარი; სადაც ნებისმიერ მოქალაქეს ექნება შესაძლებლობა თავისი წვლილი შეიტანოს. ამიტომ მინდა, მოვუწოდო ყველას – ფიზიკურ თუ იურიდიულ პირებს, ბიზნესსექტორს, შემოგვიერთდნენ ამ წამოწყებაში, უკრაინის მხარდაჭერაში. გამოვაცხადებ ანგარიშის ნომერს, რომელიც გამოქვეყნდება და იქნება ყველასთვის ხელმისაწვდომი. სახაზინო კოდია – 300778800 გთხოვთ, დანიშნულებაში მიუთითეთ-უკრაინისთვის!“, – განაცხადა კალაძემ.