ირაკლი ალასანიამ უკვე გამართა შეხვედრა თურქეთის რესპუბლიკის თავდაცვის მინისტრთან ისმეთ ილმაზისთან. კოლეგებმა ორ ქვეყანას შორის არსებული ურთიერთობები და სამომავლო გეგმები განიხილეს. მხარეები ასევე, საქართველოს საგარეო პოლიტიკის პრიორიტეტს – ნატო-ში ინტეგრაციის საკითხს შეეხნენ. როგორც საქართველოს თავდაცვის მინისტრმა აღნიშნა, ქვეყანა რჩება ევროატლანტიკური უსაფრთხოების ერთგული, რაც ქართველი სამხედროების ავღანეთში, ISAF-ის მისიაში მონაწილეობითაც დასტურდება. თურქულ მხარესთან პოსტ-ISAF-ის პერიოდში საქართველოს მონაწილეობის საკითხიც განიხილეს.
ირაკლი ალასანიამ თურქ კოლეგას საქართველოს თავდაცვის სფეროში დაგეგმილი რეფორმები გააცნო. ქართული დელეგაციის წევრებმა თურქულ მხარეს პოლიტიკური მხარდაჭერისთვის და საქართველოს შეიარაღებული ძალების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის მადლობა გადაუხადეს.
“განვიხილეთ საქართველოსა და თურქეთს შორის სამხედრო თანამშრომლობის სპექტრი. მადლობა გადავუხადე თურქეთის თავდაცვის მინისტრს იმ 20 წლიანი დიდი მხარდაჭერისთვის, რასაც იჩენდა და მომავალშიც გამოიჩენს თურქული მხარე ქართული თავდაცვისუნარიანობის განმტკიცების საქმეში. ვისაუბრეთ ჩვენს საერთო მისწრაფებაზე, ჩვენი საერთო მისია ავღანეთში დავასრულოთ შედეგიანად. ასევე, ვისაუბრეთ თურქეთის მხრიდან ნატო-ში საქართველოს გაწევრიანების დიდ მხარდაჭერაზე. შევეხეთ ჩვენი სამხედრო თანამშრომლობის ისეთ ასპექტებს, როგორიც არის ლოგისტიკა, ასევე, სხვადასხვა ინფრასტრუქტურული შესაძლო ერთობლივი პროექტები. თურქეთის მხარეს დიდი წვლილი შეაქვს საქართველოს სამხედრო მოსამსახურეების განათლებაში” – განაცხადა ირაკლი ალასანიამ.
საქართველოს თავდაცვის მინისტრი საქართველოს პრემიერ-მინისტრთან ბიძინა ივანიშვილთან და მთავრობის სხვა წევრებთან ერთად თურქეთის პრემიერ-მინისტრთან, პრეზიდენტთან, ასევე, მილი მეჯლისის თავმჯდომარესთან გამართულ შეხვედრასაც დაესწრო.
ვიზიტის ფარგლებში ირაკლი ალასანია თურქეთის გენერალური შტაბის უფროსს, არმიის გენერალ ნეჯდეთ ოზელს და თავდაცვის კომიტეტის თავმჯდომარეს ოღუზ ქაღან ქოქსალს შეხვდება.