საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ოჯახის წევრები კვლავ სამედიცინო დასკვნის მოლოდინში არიან.
ალტერნატიული კომისია მუშაობის დასკვნით ეტაპზე გადავიდა. ამ დროისთვის უკვე სრულად არის შესწავლილი ქვეყნის მესამე პრეზიდენტის სამედიცინო დოკუმენტაცია და ჩატარებულია კვლევები. დიდი ალბათობით, საბოლოო დოკუმენტი მომდევნო კვირას გამოქვეყნდება.
ოჯახის წევრები გამოსავალს კვლავ მესამე პრეზიდენტის დაუყოვნებლივ ევროპის რომელიმე წამყვან კლინიკაში გადაყვანაში ხედავენ. სწორედ ეს საკითხი განიხილა გიული ალასანიამ მაღალი დონის შეხვედრებზე ბრიუსელში.
“სისუსტე აქვს აშკარად, როგორც კი წამოდგა, იმ წუთში დაბარბაცდა. ძველებურად არის თითქოს ჯანმრთელობის მხრივ. ბრიუსელის ამბები მოვუყევი. ძალიან გადატვირთული რამდენიმე დღე გვქონდა. იქ არის ჯგუფი ადამიანების, რომლებიც ძალიან აქტიურად მუშაობენ საქართველოზე და ზოგიერთ შემთხვევაში, ჩვენზე უკეთ იციან ჩვენი ვითარება. როგორც კი გაიგებდნენ ჩემი შვილის სახელს, სახე უნათდებოდათ, ეს არის სახელი… დაიწერება რაღაც ობიექტური შედეგი, რაც მივიღეთ ამ მკურნალობის და ყველაფრის შედეგად”, – თქვა გიული ალასანიამ.