თბილისის მერმა აღნიშნა, რომ ადამიანურად ღელავს რადგან პირველადაა ბრალდებულის ამპლუაში.
“ადამიანურად გარკვეულწილად ვღელავ. ჩემს ცხოვრებაში პირველადაა, როცა ბრალდებულის სტატუსს ვატარებ, მაგრამ მადლობა მინდა გადავუხადო საგამოძიებო სამსახურს, რომ ოთხთვიანი მუშაობის აღვირახსნილი კამპანიის, შეურაცხყოფის, დაშინების ფონზე ორი ბრალდება ძლივს ამოღერღა საფინანსო პოლიციამ. ფიგურალურად ყოველგვარი გადაჭარბების გარეშე გვედავება ადამიანების დასაქმებას.
დიახ, ეს ადამიანები დავასაქმეთ, ვთვლი რომ გავაკეთეთ სწორად.
გამოძიება გვედავება არა ფულის მითვისებას, არამედ დარიგებას. ვცდილობ ირონიით შევხედო ამ ბრალდებებს, დღეს ირონიით უნდა მოვეკიდოთ ცინიზმს, რომელიც ივანიშვილისგან მოდის. ის იმასაც ვერ ხვდება, რომ დღევანდელი განცხადებით, სულ მცირე, უდანაშაულობის პრეზუმპცია დაარღვია.
როდესაც მე გავხდი მერი, რიყის ცენტრი იყო პარცელებად დანიავებული. მე მართლაც ვამაყობ იმით, რომ ჩემი მერობის პერიოდში ეს მარგალიტი დაუბრუნდა ხალხს. ბრალდება აქაც მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ფული დაკავშირებულია გარკვეულ ტრანზაქციებთან, წაუღია ჯოზეფ ქეის. ტელეიმედი არის პატარკაციშვილების და ბრალს მიყენებენ მე. დეტალებზე არ ვისაუბრებ, რომ გამოძიებამ იმდენი პატივიც არ დასდო საზოგადოებას, ეთქვა, თუ რა მუხლებით ედებოდა ბრალი მერს. მადლობელი ვარ იმისთვის, აღიარებისთვის, რომ კორუფცია გამოიხატება იმაში, ფული დავარიგეთ და სახლში არ წაგვიღია, კორუფცია გამოიხატება იმაში, რომ ფული ვიღაცამ წაიღო და არა ჩვენ, დანარჩენ დეტალებს უკვე სასამართლოში გავიგებთ.”
გიგი უგულავას თქმით, ბიძინა ივანიშვილს რიყის მიმართ ინტერესი პოლიტიკაში მოსვლამდე ჰქონდა, თუმცა, მისი დასაკუთრება ვერ მოახერხა: ” რიყესთან დაკავშირებით გამოძიება ცალმხრივად მიდიოდა. ივანიშვილს ჩემი მერობის პერიოდში არა ერთხელ ჰქონდა სურვილი, დაპატრონებოდა რიყეს. მან ეს მოახერხა იპოდრომთან დაკავშირებით, მაგრამ ვერ მოახერხა რიყესთან დაკავშირებით”.
გიგი უგულავას თქმით, ბოლო 10 დღის განმავლობაში, თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” წევრებზე არნახული ტერორი მიმდინარეობს: “განსაკუთრებით ბოლო 10 დღის განმავლობაში მიდის გააფთრებული ბრძოლა თბილისის საკრებულოს ფრაქცია “ნაციონალური მოძრაობის” მიმართ, რათა ფრაქცია აღმოჩნდეს უმცირესობაში, ეს ხდება საზოგადოების თვალწინ ურცხვად”
გიგი უგულავას განცხადებით, გამოძიების ბრალდებებს ის მშვიდად ხვდება და სასამართლოს იმედი აქვს. მისი თქმით, ბიძინა ივანიშვილის მთავარი მიზანი გიგი უგულავას ქალაქის მმართველობიდან ჩამოცილებაა.
ბრალდების ოფიციალურად წარდგენამდე უგულავამ მერიაში მემკვიდრეები დანიშნა: “მე მზად ვარ ნებისმიერი საგამოძიებო მოქმედებისთვის მაგრამ იცოდეთ (მივმართავ პირადად ბიძინა ივანიშვილს), რომ თბილისის მერიას ვერ დაეპატრონებით, მე ვაპირებ კანონის მიხედვით პირველ-ვიცე მერად დავნიშნო სევდია უგრეხელიძე, და ვანო მერაბიშვილს კი ვთავაზობ მოადგილეობას,” _ განაცხადა გიგი უგულავამ.