კონფერენციაზე განხილული იქნება “საქართველოს მთავრობის დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგიის ძირითადი პრინციპები 2013-2014 წლებისთვის”, რომელიც საქართველოს მთავრობამ გასულ კვირას მოიწონა.
კონფერენციის მსვლელობაში მონაწილეობას მიიღებენ საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს, საქართველოს პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტის, საქართველოს პრემიერ-მინისტრის აპარატის წარმომადგენლები, საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს თვითმმართველობის განვითარებისა და რეგიონული პოლიტიკის საკითხებში მრჩეველთა საბჭოს წევრები, ადგილობრივი არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციების წარმომადგენლები.
რეგიონული განვითარების სამინისტრო კონცეფციის განხილვას მთელი ქვეყნის მასშტაბით გეგმავს, რათა მაქსიმალურად მოხდეს სხვადასხვა დაინტერესებული პირისა და უწყების ჩართვა რეფორმის მომზადების პროცესში. მომავალი კვირიდან განხილვის პროცესი რეგიონებში გადაინაცვლებს და სამინისტრო მის მიერ მომზადებულ კონცეფციას ადგილობრივი თვითმმართველობების წარმომადგენლებს გააცნობს.