შეხვედრაზე განიხილავენ 2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან დასაფინანსებელი პროექტების მომზადებისა და სამთავრობო კომისიისთვის წარდგენის პროცედურებს.
2013 წელს რეგიონებში განსახორციელებელი პროექტებისთვის 200 მილიონი ლარია გათვალისწინებული, ანუ 140 მილიონით მეტი, ვიდრე ამავე ფონდისთვის 2012 წელს იყო გამოყოფილი. განისაზღვრა საპროექტო წინადადებების პრიორიტეტებიც – ფონდიდან დაფინანსება გამოიყოფა წყლის სისტემების, ხიდების, გზების, გარე განათებისა და ა.შ. მშენებლობა-რეაბილიტაციისთვის. რეგიონებში განსახორციელებელი ფონდიდან დაფინანსების მისაღებად პროექტების წარდგენის უფლება აქვთ როგორც თვითმმართველ ერთეულს (მუნიციპალიტეტს), ისე სახელმწიფო რწმუნებულს. პროექტების მიღება რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროში უკვე დაწყებულია და მათი მიღება 11 მარტს 16:00 საათზე შეწყდება. შესაბამისად, მუნიციპალიტეტების წარმომადგენლებსა და სამხარეო რწმუნებულებს შეუძლიათ, საპროექტო წინადადებები დამტკიცებული ფორმით სამინისტროს უკვე წარუდგინონ.
თენგიზ შერგელაშვილი თვითმმართველობის რეფორმის კონცეფციას გურიის მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეებსა და გამგებლებს გააცნობს.
დღესვე, 12:00 საათზე ოზურგეთის გამგეობის შენობაში საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის მინისტრის პირველი მოადგილე თენგიზ შერგელაშვილი გურიის მხარეში შემავალი მუნიციპალიტეტების საკრებულოს თავმჯდომარეებსა და გამგებლებს შეხვდება.
შეხვედრაზე განხილული იქნება საქართველოს მთავრობის მიერ მოწონებული დეცენტრალიზაციისა და თვითმმართველობის განვითარების სტრატეგია.
შეხვედრას, ასევე, დაესწრებიან საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროსთან არსებული მრჩეველთა საბჭოს წევრები – დავით ლოსაბერიძე და კოტე კანდელაკი.
შეხვედრის მიზანია, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა მიიღონ დეტალური ინფორმაცია დაგეგმილი რეფორმის შესახებ, ჩაერთონ რეფორმის მომზადების პროცესში და გამოთქვან საკუთარი შენიშვნები და მოსაზრებები.