აღნიშნული ინფორმაცია ფერსაშვილმა ჩვენთან საუბრისას დაადასტურა. ფერსაშვილმა ამ პოსტზე ზაზა პეტრიაშვილი შეცვალა, რომელმაც თანამდებობა საკუთარი სურვილით, მას შემდეგ დატოვა, რაც ბიძინა ივანიშვილმა ალასანიას კადრების მიერ მისი მეგობრების გადაბირების სურვილზე მედიასთან ისაუბრა.
ფერსაშვილის შესახებ, რომელიც “ნაციონალური მოძრაობის” კადრად მიიჩნეოდა, “გურია ნიუსის” არაერთხელ წერდა. მისი კარიერა “ვარდების რევოლუციის” შემდეგ დაიწყო.
ქვემო ქართლელი ახალგაზრდა ირაკლი ოქრუაშვილის კადრად სახელდებოდა და ამბობდნენ, რომ “ოქროს ბიჭის” გავლენით, მაღალ თანამდებობაზე 2007 წელს უნდა დანიშნულიყო, თუმცა, მოვლენები მის სასიკეთოდ არ განვითარდა და ოქრუაშვილმა სააკაშვილის მთავრობა დატოვა. შესაბამისად, ფერსაშვილიც “უპატრონოდ” დარჩა, მაგრამ, როგორც აღმოჩნდა, დიდხანს _ არა. როგორც გვითხრეს, მან “პატრონის მონახვა” ადვილად მოახერხა და სამაშველო სამსახურიდან, ტრასის პატრულის სამმართველოს უფროსად გადაიყვანეს. სწორედ ამის შემდეგ დაიწყო მისი პოლიციური კარიერის აღმასვლა.