“ძალიან დიდი მადლობა კომისიის ყველა წევრს ჩვენი საქმეების განიხილვისთვის. რომ არ შეცვლილიყო ხელისუფლება ეს კომისია არ შეიქმნებოდა და ჩვენს მიმართ ჩადენილი უკანონობითაც არავინ დაინტერესდებოდა. დიდი მადლობა მინისტრს სამართლიანობის აღდგენისთვის” – განაცხადა გორის მეორე საჯარო სკოლაში აღდგენილმა პედაგოგმა ეკატერინე ქარელმა, მიხეილ ქარელის დამ.
კომისიამ გადაწყვეტილება მიიღო ასევე სკოლის დირექტორობიდან გათავისუფლებულ შვიდ პირზე. დაადგინა, რომ მათი სამსახურიდან გათავისუფლების ფაქტთან დაკავშირებით არ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი პოლიტიკური მოტივის არსებობის შესახებ. თუმცა, კომისიამ მიიჩნია, რომ მათ გათავისუფლებასთან დაკავშირებით გამოიკვეთა სამართლებრივი დარღვევები და საქმეები შესასწავლად საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს გადაეცემა.
ამ ეტაპზე, მიღებული 830 მომართვიდან კომისიის მიერ 630 განცხადების პირველადი განხილვაა დასრულებული. ამასთან, შემოსულია 105 დამატებითი დოკუმენტაცია.