28 მარტს, დილიდანვე. ოზურგეთის სპორტის განვითარების ცენტრის დარბაზში, სკოლის მოსწავლეების შეკრება დაიწყო. როგორც “გურია ნიუსისთვის” გახდა ცნობილი, ისინი სენაკის სამხედრო ბაზაზე საექსკურსიოდ მიდიოდნენ. ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ სენაკში ჩასვლას და ბავშვებთან შეხვედრას მიხეილ სააკაშვილი აპირებდა. მოსწავლეების თქმით, ექსკურსიის შესახებ რამდენიმე მათგანმა, სკოლაში მისვლის შემდეგ გაიგო იყვნენ ისეთებიც, რომლებმაც რამდენიმე დღის წინ იცოდა, რომ სენაკში უნდა წასულიყვნენ.
ოზურგეთის საგანმანათლებლო რესურსცენტრის უფროსი ლელა იმედაშვილი ჩვენთან საუბრისას ამბობს, რომ მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასელები თავდაცვის სამინისტროს პროექტის ფარგლებში სენაკის ბატალიონს ნახავენ:
_ ბავშვები, თავდაცვის სამინისტროს ეგიდით, სენაკის ბატალიონის დასათვალიერებლად მიდიან _ სულ 500 ბავშვი. მგზავრობის და კვების ხარჯებს თავდაცვის სამინისტრო გაიღებს. მოხდება ბატალიონის დათვალიერება და დღესვე დაბრუნდებიან.
_ ქალბატონო ლელა, რა მიზანს ემსახურება ეს ექსკურსია?
_ ამაზე უკვე თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენელს უნდა ჰკითხოთ.
_ გავრცელდა ინფორმაცია, რომ დღეს სენაკში საქართველოს პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი ჩადის და ბავშვებს შეხვდება.
_ არა, მსგავსი არაფერი ვიცი. არავითარი შეხვედრა პრეზიდენტთან არ იქნება. ბავშვები ნახავენ სენაკის ბატალიონს. ამ პროექტის ფარგლებში, სენაკში ლანჩხუთიდან და ჩოხატაურიდან იყვნენ ბავშვები.
_ როგორ მოხდა ბავშვების შერჩევა?
_ ჩვენ სკოლებს შევატყობინეთ ბავშვების რაოდენობის შესახებ და ამის მიხედვით ვაგზავნით ექსკურსიაზე. მიდიან მეათე, მეთერთმეტე და მეთორმეტე კლასის მოსწავლეები. არავითარი შერჩევის კრიტერიუმი არ არსებობს.
ბავშვებმა სენაკში გაემგზავრნენ და შუადღით დაიწყეს სენაკის სამხედრო ბატალიონის დათვალიერება.
საინტერესოა, შაშკინი ასეთი ფორმით გაცდენილ საათებს საპატიოდ, რომელი კანონის მიხედვით ჩაუთვლის მოსწავლეებს _Dმან ხომ გაცდენებისთვის მკაცრი სანქციები შემოიღო?