“მათ პირველ რიგში სჭირდებოდათ ფინანსთა და შინაგან საქმეთა მინისტრების პოსტები. ნარჩემაშვილი და გოგიაშვილი აიძულეს დაეტოვებინათ თანამდებობები. ზურაბ ჟვანიამ დამირეკა და მითხრა, _ უთხარი ნარჩემაშვილს გადადგესო, ვუპასუხე რომ ეს მე არ მეხებოდა და თვითონ დაერეკა. მაშინ ჟვანიამ მითხრა, გადადგეს თორემ ხალხს მივუგზავნი და შუბლზე დააწერენ გადადგომასო.”_ განაცხადა ვალერი ხაბურზანიამ გადაცემა ”პრეს-პრესში”
უშიშრობის ყოფილი მინისტრი, რომელმაც გავრცელებული ინფორმაციით სწორედ “ვარდების რევოლუციის” მხარდაჭერისათვის შეინარჩუნა თანამდებობა აცხადებს, რომ სააკაშვილის და ჟვანიას გუნდის მხარდამჭერი და ხელისშემწყობი არასოდეს ყოფილა. მისივე მტკიცებით, ხალხმა შეცდომით შეუქმნა მას ეს იმიჯი და მანაც პოლიტიკური რეპრესიების თავიდან ასაცილებლად ბოროტად გამოიყენა რევოლუციონერის სახელი.
“მე ვფიქრობდი საპრეზიდენტო არჩევნებშიც მიმეღო მონაწილეობა და 15-20 % მიმეღო. მაშინ საკმაოდ მაღალი რეიტინგი მქონდა ხალხში, რომ არ შევუშალე ხელი რევოლუციას და არ დაიღვარა სისხლი. სისხლის არდაღვარში მონაწილეობა მივიღე, მაგრამ რევოლუციის ხელშემწყობი არ ვყოფილვარ. მე ბოროტად ვისარგებლე ხალხის მიერ შექმნილი იმიჯით და ჩავებღაუჭე თანამდებობას.
პოლიტიკური დუმილი იყო ყველაზე კარგი გამოსავალი რეპრესიებისგან გადასარჩენად, ხალხი კი აღმიქვამდა რევოლუციონერად, მაგრამ ამათ ხომ იცოდნენ, რომ არ ვიყავი მათი მხარდამჭერი. ჩემი დუმილით არ გავაღიზიანე ისინი, 7 წელი თბილისში ვიყავი, მქონდა დაცვის სამსახური და საადვოკატო ბიურო და სწორედ ამითი გადავურჩი რეპრესიებს.”-განაცხადა გადაცემა “პრეს-პრესში” ხაბურზანიამ.