ბახმაროში, მდინარე ბახვისწყალიდან ქვა-ღორღს იღებენ. ამის ამსახველი ვიდეო მასალა “გურია ნიუსს” ადგილიდან მოაწოდეს.
ვის გააქვს და სად მიაქვს მდინარიდან ამოღებული ქვა-ღორღი– ამის გასარკვევად დაბა ბახმაროში ჩოხატაურის მერის წარმომადგენელს, შალვა ცინცაძეს დავუკავშირდით.
“მდინარის კალაპოტის გასწორხაზოვნებიდან გამომდინარე ხდება მხოლოდ ზედმეტი ქვა-ღორღის ამოღება და ის ხმარდება ასფალტის საფარის მოწყობას. ეს არის სახელმწიფო მნიშვნელობის გზა, რომლის მოვლა პატრონობაც და ასევე რეაბილიტაცია ეკუთვნის საავტომობილო გზების დეპარტამენტს, დამატებით დეტალებზე კი მათ დაუკავშირდით“,_ გვითხრა შალვა ცინცაძემ.
მერის წარმომადგენელთან საუბრის შემდეგ საავტომობილო გზების დეპარტამენტს დავუკავშირდით.
“მიმდინარეობს ბახმარომდე მისასვლელი გზის რეაბილიტაცია. კერძოდ, რეაბილიტაცია უტარდება ჩოხატაური-ბახმაროს გზის 16 კმ-იან (კმ34-კმ50) მონაკვეთს. ამ ეტაპზე, ხელოვნური ნაგებობების რეაბილიტაცია და მიწის სამშაოები მიმდინარეობს. სამუშაოების დასრულება დაგეგმილია წლის ბოლოსთვის. პროექტი სახელმწიფო ბიუჯეტიდან ფინანსდება და მისი ღირებულება 16 211 200 ლარია”,_ გვითხრეს საავტომობილო გზების დეპარტამენტში.
როგორც უკვე ვწერდით, ბახმაროში მიმდინარე სამუშაოები იქ მყოფ დამსვენებლებს დისკომფორტს უქმნის. მერის წარმომადგენლის განცხადებით,ხვალიდან დაიწყება გზის გადარეცხვა, რათა შემცირდეს ასფალტის საფარის რეაბილიტაციით გამოწვეული მტვერი.
ამავე თემაზე:
“ვისვენებთ სუფთა ჰაერზე” _ მძიმე წონიანი მანქანები და მტვრის ბუღი ბახმაროს ქუჩებში
ავტორი