საკრებულოს თავმჯდომარემ ალეკო მამეშვილმა პირველ და მეორე საკითხებზე თავად ისაუბრა. ეს შეეხებოდა მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრის პეტრე სალუქვაძისთვის საკრებულოს წევრობის უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტას. ამასთანავე, იგი იურიდიულ და ლეგალიზაციის კომისიას ხელმძღვანელობდა. ალეკო მამეშვილმა მას კარიერაში შემდგომი წარმატებები უსურვა და დღის წესრიგის მესამე საკითხად წარმოადგინა, ოზურგეთის საკრებულოს სამანდატო, საპროცედურო და იურიდიული საკითხთა კომისიის თავმჯდომარის არჩევა. განიხილეს დეპუტატ მერაბ მჟავიას კანდიდატურა და ღია კენჭისყრით დაამტკიცეს კიდეც.
ოპოზიციონერი დეპუტატი ლელა ნაცვალაძე, მეექვსე საკითხის “ოზურგეთის მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურული პროექტების გასახორციელებლად საპროექტო წინადადებების მოწონების თაობაზე” დისკუსიაში ჩაერთო.
_ კარგა ხანია, არ შემიხსენებია თქვენთვის თავი და ეტყობა, მოგენატრეთ. მე თქვენ მორალურად აღარ გცნობთ თავმჯდომარედ, ბატონო ალეკო, სხვა მორალურ თვისებებზე კი სხვაგან იმსჯელებენ. კარგია თუ გზები კეთდება და ინფრასტრუქტურა ვითარდება, მაგრამ როცა იგივე კორუმპირებულები აკეთებენ ამას, აღარ გენდობით. ღმერთმა ჰქნას, ეს პროექტები დაფინანსდეს. მე ვაპროტესტებ, ამ ადამიანების ხელით გახორციელდეს ეს პროექტები, _ თქვა ნაცვალაძემ.
ის კატეგორიულად მოითხოვდა, ეთქვათ, თუ ვინ მოიწონა ეს პროექტები. მართალია, მომხსენებელი თამაზ სალუქვაძე თხოვდა, მაცალე და გეტყვიო, მაგრამ ლელა ნაცვალაძე ამ ახსნა -განმარტებას არ დასჯერდა და კვლავ სიტყვა ითხოვა. ამასობაში ალეკო მამეშვილმა , პროცედურის დაცვით მომდევნო საკითხზე გადასვლა ითხოვა.
_ უზრდელია ეს თავმჯდომარე, ლაპარაკს არ მაცლის, _ განაცხადა ნაცვალაძე.
ლელა ნაცვალაძემ კიდევ ერთხელ შეაწყვეტინა გამოსვლა, ამჯერად კობა ხაბალაშვილს, როცა იგი ოზურგეთის დასუფთავების სამსახურის და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის არასამეწარმეო იურიდიული პირის “კომუნალური მომსახურების ცენტრის” მიმართ რეორგანიზაციის პროცესის დასრულების შესახებ _ განკარგულების დამტკიცების თაობაზე, _ საუბრობდა. როცა ხაბალაშვილმა განმარტა, რომ დასრულდა რეორგანიზაციის პროცესი და ეს ყველაფერი უკეთესობისკენ წაიყვანს საქმეს, ლელამ ნაცვალაძემ განაცხადა:
_იქნება, გრამაფონშია! ზღაპრებს რატონმ ყვები აქ? მე აღარ ვიქნები თქვენი სამუშაო ჯგუფის წევრი და გამოვდივარ მაქედან, _ განაცხადა მან.
_ ქალბატონი ლელა გადის სამუშაო ჯგუფიდან, _ მშვიდად შენიშნა თავმჯდომარემ.
ამჯერად მეორე ოპოზიციონერმა დეპუტატმა დიმიტრი კვერღელიძემ მიმართა ხაბალაშვილს:
_მთავარი მითხარით, რა შედეგს იღებს საზოგადოება, ფისკალურ ეფექს თუ სერვისი უმჯობესდება?
კობა ხაბალაშვილმა განმარტა, რომ მომსახურების არეალი გაიზრდება. თუმცა ასეთმა განმარტებებმა ოპოზიციონერი დეპუტატები ვერ დაკმაყოფილა.
მოგვიანებით, ლელა ნაცვალაძემ ჟურნალისტებთან ბოდიში მოიხადა იმის გამო, რომ საკრებულოს თავმჯდომარეს უზრდელი უწოდა.
_პირადად მას არ ვუხდი ბოდიშს, თუმცა სხვა ყველა დამსწრეს და თქვენ კი მოგიბოდიშებთ. გამომიყვანეს წყობიდან. მე საკრებულოს სხდომაზე სათქმელს ხმამაღლა ვამბობ, ვსაუბრობ ყველაფერ იმაზე, რაზეც გული შემტკივა. აბა, პროკურატურაში ხომ არ დავიწყებ სირბილს საჩივრებით? _ თქვა ნაცვალაძემ.