პარლამენტის თავმჯდომარე აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტში სახელმწიფო მდივნის მოადგილეებს: მარი იავანოვიჩს, ერიკ რუბინს და თომას მელიას შეხვდა. შეხვედრების მთავარი თემები იყო: სტრატეგიული თანამშრომლობა, ნატოში ინტეგრაცია, ქვეყნის დემოკრატიზაცია და საკონსტიტუციო ცვლილებები.
სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრებში მონაწილეობდნენ საპარლამენტო დელეგაციის წევრები: საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე თედო ჯაფარიძე და თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, ფრაქცია “ქართული ოცნება _ თავისუფალი დემოკრატების” თავმჯდომარე ირაკლი ჩიქოვანი.
“ჩვენ შევხვდით სახელმწიფო დეპარტამენტის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც მუშაობენ ევროპის, კავკასიის და საქართველოს საკითხებზე. ამ შეხვედრებზე ჩვენი, საქართველოს პარლამენტის დელეგაციის სათქმელი იყო შემდეგი: ახალი ხელისუფლების სათავეში მოსვლის შემდეგ საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის ურთიერთობები მხოლოდ პოზიტიური მიმართულებით შეიცვლება”, _ განაცხადა დავით უსუფაშვილმა შეხვედრების დასრულების შემდეგ ჟურნალისტებთან საუბრისას.
მისი თქმით, სახელმწიფო დეპარტამენტში გამართულ შეხვედრებზე საუბარი შედგა საკონსტიტუციო ცვლილებებზეც: “საკონსტიტუციო ცვლილებებზე საუბრისას ყურადღება გავამახვილეთ არა მხოლოდ იმ კონკრეტულ საკითხზე, რომელიც ახლა პარლამენტში გადის კენჭისყრაზე, არამედ ზოგადად კონსტიტუციის გაუმჯობესებაზე, ვინაიდან როგორც მათ თავად აღნიშნეს, ძალიან ცუდი პრაქტიკაა, როდესაც კონსტიტუცია ადამიანებზეა მორგებული. ჩვენ დღეს ვცხოვრობთ იმ კონსტიტუციით, რომელიც კონკრეტულ ადამიანზე იყო მორგებული”, _ აღნიშნა დავით უსუფაშვილმა.
სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ჟურნალისტებთან საუბრისას კმაყოფილება გამოთქვა პარლამენტის თავმჯდომარის, დავით უსუფაშვილისა და მისი გუნდის პარლამენტში გაწეული საქმიანობის გამო: “მე მოვახსენე მას, რამდენად კმაყოფილები ვართ მისი და მისი გუნდის ლიდერობით პარლამენტში, განსაკუთრებით ბოლო თვეების განმავლობაში გაწეული მუშაობით. ჩვენ პატივს ვცემთ იმ საქმიანობას, რაც გაწეული იქნა ოპოზიციის ლიდერებთან ერთად იმ რეზოლუციის მიღებაზე, რომელიც საქართველოს საგარეო პოლიტიკასა და უსაფრთხოებას განსაზღვრავს ევრო-ატლანტიკურ სივრცეში. ჩვენ ვუჭერთ მხარს საკონსტიტუციო რეფორმას, რომელიც მიზნად ისახავს კონსტიტუციის სტაბილურობას”, _ განაცხადა ერიკ რუბინმა. მისივე თქმით, აშშ გააგრძელებს ქართველი ხალხის აქტიურ მხარდაჭერას ევრო-ატლანტიკურ სივრცეში ინტეგრაციის პროცესში. სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ასევე განსაკუთრებით აღნიშნა საქართველოს წვლილი ISAF-ის ოპერაციაში: “გამოვხატავთ ჩვენს ღრმა პატივისცემას არა მხოლოდ ვალდებულებებისთვის, არამედ იმ თავდადებისთვისაც, რაც საქართველოს ხალხსა და თითოეულ მოქალაქეს შეაქვს ავღანეთში ამ ოპერაციაში. ეს აძლიერებს მეგობრობას, პარტნიორობას და ძალზედ პოზიტიურ ურთიერთობას, რომელიც ჩვენ დღეს გვაქვს”, _ განაცხადა სახელმწიფო მდივნის მოადგილემ ერიკ რუბინმა.
































































