მისი მტკიცებით, შემოწმების პროცესი ჰგავდა საბჭოთა პერიოდისათვის დამახასიათებელ ამხანაგურ სასამართლოს, ”როდესაც ყველა მხარე იყო იყო ჩართული ამხანაგურ განხილვაში და შერცხვენის მეთოდით და მორალურ პრინციპებზე მითითებით ცდილობდნენ საწინააღმდეგო აზრზე ზეწოლას, სწორედ ამას ჰგავდა ავტორიზაციის საბჭოს საქმიანობა.”
“3 იანვარს უნივერსიტეტის შემოწმება სრულიად გაუგონარ ვითარებაში დაიწყო . განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ნომერ 1 ბრძანებით, დღის 4 საათზე, შემოვიდნენ სასწავლებელში, სადაც დახვდათ მხოლოდ დარაჯი. თანამშრომლები, რომლებიც იყვნენ დასასვენებლად, სამსახურში გამოიძახეს, მაგრამ მონიტორინგის ჯგუფის წევრები არავის ეკონტაქტებოდნენ _ ისინი ჩაიკეტნენ ერთ ოთახში და თანამშრომლებს მხოლოდ მათი ზეპირი გამოძახებით შეეძლოთ შესვლა და მათ მიერ მოთხოვნილი დოკუმენტების შეტანა.
მიუხედავად იმისა, რომ თავიდანვე ძალიან საეჭვოდ მოგვეჩვენა ეს პროცესი, მაინც შევინარჩუნეთ პროცესის კონფიდეციალურობა. გასაოცარი იყო ის, რომ თვითონ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის პრესსამსახურის ხელმძღვანელისგან გავიდა ინფორმაცია პრესით, ჩვენი შემოწმების შესახებ. ამ განცხადებაში ითქვა, რომ ის შედეგი, რომელსაც ავტორიზაციის საბჭო გამოიტანდა, იქნებოდა სასარგებლო უნივერისიტეტიდან 2011 წელს გათავისუფლებული ადამიანებისათვის და ისინი ამ გადაწყვეტილების საფუძველზე გააგრძელებდნენ მუშაობას. ეს განცხადება გაკეთდა 5-6 იანვარს. საიდან იცოდა განათლების ხარისხის განვითარების ეროვნულმა ცენტრმა წინასწარ, თუ რა ტიპის გადაწყვეტილებას დადებდა აღნიშნული კომისია? ეს იყო წინასწარვე ძალიან კარგად მოფიქრებული ქმედება განათლების და მეცნიერების სამინისტროს მხრიდან და მათ აღნიშნულ შედეგს მიაღწიეს კიდეც,”_ განაცხადა ლილი ბეგიაშვილმა დღეს გამართულ პრესკონფერენციაზე.
მისივე თქმით, მონიტორინგის ჯგუფმა აგრარულ უნივერსიტეტს სიურპრიზად დაახვედრა დასკვნა და მათ არ მისცა კონტრარგუმენტების წარდგენის და კანონმდებლობით გათვალისწინებული 2-კვირიანი ვადა ხარვეზების გამოსასწორებლად.
”ჩვენ გვედავებიან ლექტორების ასაკს, მაგალითად, რატომ უნდა იყოს ლექტორი დაბადებული 1990 წელსო? არსებობს კანონმდებლობა, რომელიც მოსამართლეებს და პარლამენტარებს სთხოვს გარკვეულ ასაკს, მაგრამ ლექტორებისთვის ასაკობრივი პრეტენზია არ არსებობს. რაც შეეხება 2011 წელს ლექტორების გათავისუფლებას, დამსაქმებელს უფლება აქვს პერიოდულად გადაამოწმოს დასაქმებულის კომპეტენცია. ამ ხალხმა ვერ გაიარა ატესტაცია და კომისიამ არადამაკმაყოფილებლად მიიჩნია მათი კვალიფიკაცია. ხომ არ შეიძლება არ რამდენიმე ლექტორს გადაყვეს მთელი უნივერსიტეტი და უამრავი სტუდენტის მომავალი?”_ აცხადებს ბეგიაშვილი.
მისივე მტკიცებით, აგრარული უნივერსიტეტი გეგმავდა სამეცნიერო კვლევების დაფინანსებას მეფუტკრეობის, მეაბრეშუმებობისა და მექანიზაციის სფეროში, თუმცა, დღევანდელი გადაწყვეტილებით, ყველაფერი წყალში იყრება.
დღესვე გავრცელდა განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილის დავით ზურაბიშვილის განცხადებაც, სადაც ნათქვამია, რომ უნივერსიტეტისთვის ავტორიზაციის შეჩერება მის დახურვას არ ნიშნავს.
”რაც შეეხება ავტორიზაციის საბჭოს გადაწყვეტილებას, ავტორიზაციის შეჩერება არ ნიშნავს ავტორიზაციის შეწყვეტას და გაუქმებას, ანუ ლაპარაკი იმის შესახებ, რომ “უნივერსიტეტი დახურეს” და ა. შ. არის ტყუილი და არ შეესაბამება სინამდვილეს.
ავტორიზაციის შეჩერება ნიშნავს იმას, რომ უნივერსიტეტს მიეცა ვადა საბჭოს მიერ დადგენილი დარღვევების გამოსასწორებლად (სხვათა შორის პრაქტიკულად ამასვე ითხოვდა უნივერსიტეტის რექტორი). თუ ეს ხარვეზები გასწორდება, მიმდინარე სემესტრის განმავლობაში, უნივერსიტეტს შეუძლია კვლავ შეიტანოს განაცხადი ავტორიზაციის აღდგენაზე. ამ ხნის მანძილზე უნივერსიტეტში ჩვეულებრივად გრძელდება ცხოვრება,”_ ნათქვამია განცხადებაში.
აგრარული უნივერსიტეტის იურისტებს კი განსხვავებული ინფორმაცია აქვთ _ ლალი ბეგიაშვილის მტკიცებით, მონიტორინგის ჯგუფმა მათ განუცხადა, რომ სტუდენტებს სემესტრის დასრულების საშუალებას მისცემენ, ხოლო მაისის თვის შემდეგ სწავლის პროცესი გაჩერდება და უნივერსიტეტი სექტემბრიდან სტუდენტთა ახალ ნაკადს ვეღარ მიიღებს.
































































