და კონკრეტულ მაღალჩინოსნებს ასახელებს, რომლებიც მას წინასაარჩევნო პერიოდში აიძულებდნენ, რომ ფული “ქრისტიან _ დემოკრატიული პარტიისთვის” გადაერიცხა.
“თუ არ გავაკეთებდი ამას, მაშინ ჩემი ოჯახის წევრების დაჭერით მემუქრებოდნენ, ჩემი ბიზნესტერორი გაცილებით ადრე დაიწყო, ვიდრე, გრემის კულტურის სახლს ძალით მაყიდინებდნენ,” _ აცხადებს ვალერი შოშიაშვილი, რომელიც ამ წუთებში ადვოკატ დიმიტრი გაბუნიასთან და მის პარტნიორებთან ერთად, პრესკონფერენციას მართავს. კონკრეტული მაღალჩინოსანი კი, რომელზეც ვალერი შოშიაშვილი საუბრობს, მისი თქმით პროკურატურის თანამშრომელი ბექა ბასილია გახლდათ.
ამონარიდი ვალერი შოშიაშვილის ჩვენებიდან: “მე დამიკავშირდნენ პროკურატურიდან და მითხრეს, რომ ყვარლის რაიონის სოფელ გრემში ტარდებოდა აუქციონი, რომელზეც გატანილი იქნება გრემის კულტურის სახლი. მე მონაწილეობა უნდა მიმეღო აუქციონში და შემეძინა იგი 700 000 ლარად. თუმცა, მისი რეალური ფასი შეადგენდა 8 130 ლარს (რაც დასტურდება დამოუკიდებელი აუდიტის მიერ შედგენილი დასკვნით).
აღნიშნული ქონების საწყისი ფასი იყო 100 000 ლარი. მე დიდი გაჭირვებით მოვიძიე ბეს თანხა, რაც შეადგენდა 30 ათას ლარს და შევიძინე აუქციონში მონაწილეობის ბილეთი. რამდენიმე დღის შემდეგ, ჩემთვის უცნობმა პირმა თბილისში მომაწოდა აუქციონში გამარჯვების დოკუმენტი. პირი გამეცნო როგორც ყვარლის მუნიციპალიტეტის გამგებლის მოადგილე. აქვე მინდა აღვნიშნო, რომ აუქციონში მონაწილეობა არ მიმიღია. მე არ გამაჩნდა ინფორმაცია გამოტანილი ქონების შესახებ. ბ. ბ.-მ განმიმარტა, რომ ამ ქონების გარდა, სექტემბრის თვეში უნდა მიმეტანა 300 ათასი ლარი, რის შემდეგაც დამიბრუნებდნენ ჩემი კომპანიების საბუღალტრო დოკუმენტაციას. ერთ ერთი შეხვედრის დროს მე განვუცხადე, თუ რაიმე სახის ჯარიმა მეკუთვნოდა, იგი დაეკისრა აუდიტის სამსახურს. რის პასუხადაც ისინი დამემუქრნენ, რომ შემესრულებინა ყველა მათი მითითება, წინააღმდეგ შემთხვევაში დაიჭერდნენ ჩემი ოჯახის წევრებს.”






























































